20-წლამდე ბორჯღალოსნები ინგლისთან ტესტ მატჩში დამარცხდნენ
საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ავჭალის სტადიონზე ინგლისელ თანატოლებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 7:31 დამარცხდა. ეს შეხვედრა ტესტ-მატჩების სერიის მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო, 12 ივნისს საქართველოსა და ინგლისის ნაკრებები სერიის მეორე მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სტუმრებს უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ 80 წუთის განმავლობაში ბურთს ინგლისელები აკონტროლებდნენ. საქართველოს დაცვაში უწევდა თამაში, მეტოქისგან 5 ლელო მიიღო, ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი ლელო 61-ე წუთზე ლუკა სულუაშვილმა დადო.
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში უნდა ჩატარდეს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად იმყოფება.
A ჯგუფი: საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია, ესპანეთი.
C ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა, ფიჯი.