Belive

ზურაბ რუხაძე: "ვარაუდს გადავაჭარბეთ, დილასგან ასეთ გამოსვლას არავინ ელოდა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

გორის "დილას" 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონი წარმატებული გამოსდის. გუნდმა ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო, ლიდერის პოზიციას დიდხანს ფლობდა, 18-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შემოგვთავაზა და მიუხედავად მესამე ადგილზე ყოფნისა, ჩემპიონობის შანსი ისევ აქვს.

გუნდში სეზონის დაწყებამდე ბევრი ცვლილება განხორციელდა, როგორც სამწვრთნელო კუთხით, ისე შემადგენლობის დაკომპლექტებისა და სელექციის მხრივ. ერთ-ერთი ახალი ფეხბურთელი, რომელიც გუნდში მივიდა, 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ზურაბ რუხაძეა. მას ინდივიდუალურად კარგი სეზონი აქვს, ჩემპიონობისთვის იბრძვის და ახალგაზრდულ ნაკრებსაც წარმატებულ სვლაში ეხმარება.

გორული გუნდის 21 წლის მარცხენა მცველი ჩვენთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ საინტერესოდ საუბრობს.

ეროვნულ ლიგაში 2024 წელს შენთვის სადებიუტო სრულფასოვანი სეზონია და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდი, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება მოახერხე, რაც ადაპტირებაში ალბათ უფრო მეტად დაგეხმარა. როგორ აფასებ წლევანდელ სეზონს და როგორ ფიქრობ, რამდენად ახერხებ ახალ გუნდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას?

წლევანდელი სეზონი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და კონკურენტუნარიანი გამოვიდა, ამას სატურნირო ცხრილიც ასახავს. რაც შეეხება ჩემს სადებიუტო სეზონს, გორის "დილასთან" ერთად, ვფიქრობ შედეგიანი გამოვიდა. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და ყველა პირობა გამოვიყენო ჩემი თავის განვითარებისთვის.

გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი ედგა, წაუგებელი სერია და ჩემპიონატში ლიდერობა. შენც, გუნდს კარგად მოერგე და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდი. განსაკუთრებული, ქუთაისში, "ტორპედოსთან" 5:1 გამარჯვება გამოვიდა, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე თამაშში გუნდმა ქულები დაკარგა და მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა, რა არის შენი აზრით ამის მიზეზი?

ვფიქრობ, სეზონი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო. ჩვენი თამაშით და შედეგებით მოლოდინებსაც გადავაჭარბეთ, რადგან სრულიად ახალი გუნდი ჩამოყალიბდა ახალი ფეხბურთელებითა და მწვრთნელებით. ბევრი არ მოელოდა ჩვენს ასეთ წარმატებულ გამოსვლას, მაგრამ თავიდანვე მიზნად დავისახეთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ასეც გრძელდება. მართალია, არის ჩავარდნები, უიღბლობა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩემპიონობისთვის.

წინა სეზონი ლატვიის ჩემპიონატში გაატარე და "მეტას" შემადგენლობაში ითამაშე, რამდენად დაგეხმარა ეს გამოცდილება კარიერაში ახალ ეტაპზე გადასასვლელად?

ლატვიაში გატარებულმა პერიოდმა დიდი გამოცდილება და მოტივაცია მომცა. სეზონში თითქმის ყველა მატჩში ვითამაშე, რაც ძალიან დამეხმარა ჩემი უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებაში

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს, თამაშობს ფეხბურთს and ტექსტი გამოსახულება



საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებზეც რომ ვისაუბროთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა და გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში გუნდის წევრი ხარ და ეს გზა ერთად გამოიარეთ. როგორ ფიქრობ, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც გუნდმა ამ წარმატების მიღწევა მოახერხა?

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მეორე ადგილზე დავამთავრეთ, რაც კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა, ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი გუნდის ერთიანობაა. ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიხარჯებით იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. წინ ხორვატიასთან გასამართი ორი მატჩია და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებშიც ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მოსაპოვებლად.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან რთულ მატჩში მოპოვებული გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად დამატებითი ბონუსი შეიძლება გამოდგეს?

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება კარგად ასახავს ჩვენი გუნდის ხასიათს: თამაშის შემობრუნება შევძელით, რადგან ვიცოდით, რაოდენ მნიშვნელოვანი გახლდათ აქ გამარჯვების მოპოვება. მაქსიმალურად დავიხარჯეთ და მაღალ დონეზე შევასრულეთ სამწვრთნელო შტაბის მიერ მოცემული დავალებები, რამაც შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება გადამწყვეტ მატჩებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები წინ გველოდება, ჩვენი მეტოქე ხორვატიის ნაკრებია, როგორ აფასებ მეტოქის ძალებს, რამდენად ძლიერი მეტოქეა? რა მოლოდინი გაქვს ამ ისტორიული მატჩის წინ?

ყველამ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია ხორვატიასთან გასამართი მატჩები ჩვენი გუნდისა და მთლიანად ქვეყნისთვის. ამაღლებული და საბრძოლო განწყობა გვაქვს, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე. ვფიქრობ ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და ისტორია დავწეროთ.

სხვა სტატიები