Belive

ზურაბ მუსელიანი: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა"

4 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი დასრულდა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება სამმა ფეხბურთელმა, ჯოვინო ფლამარიონმა, ზორან მარუშიჩმა და ზურაბ მუსელიანმა 17 გატანილი გოლით გაინაწილეს.

ორ ლეგიონერს ქართველი ფეხბურთელი მას შემდეგ შეუერთდა, რაც დასკვნით ტურში ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფორმაციის გუნდს, ქობულეთის "შუქურას" - 7 გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი ("გაგრა") მეტოქე მიჯრით მესამე მატჩში სარეკორდო ანგარიშით - 9:0 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ 24 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც სეზონში გატანილი 17 გოლიდან 11 "შუქურას" გაუტანა, 2021-22 წლებში სწორედ "შუქურას" შემადგენლობაში თამაშობდა.

ინდივიდუალური ჯილდოს მოგების, "შუქურასთან" გატანილი გოლებისა და კარიერული მომავლის შესახებ ზურაბ მუსელიანმა ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი ვიხილეთ. როგორი სეზონი გამოვიდა პირადად შენთვის და "გაგრასთვის"?

მთლიანობაში, 2023 წელს ძალიან რთული სეზონი გამოვიდა. გუნდში სხვა გაგმები გვქონდა: გვინდოდა უფრო მაღალი მიზნებისთვის გვებრძოლა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხეთ ამის მიღწევა და დასკვნით პერიოდში ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბრძოლა მოგვიწია.

მთლიანად გუნდმა ერთმანეთის გვერდში დგომით, ბრძოლისუნარიანობით მოვახერხეთ და დავრჩით იქ სადაც "გაგრას" ადგილია. საერთო ჯამში, მგონია, რომ რთული და დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა.

სარეკორდო მატჩი და "შუქურასთან" გატანილი გოლები შენთვის რა ემოციებთანაა დაკავშირებული? რამდენიმე კვირის წინ ამის წარმოდგენა რთული იყო...

რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ 7 გოლს, ტრამვის შემდეგ ძალიან მოტივირებული დავბრუნდი. არ მსურდა, რომ 2023 წლის სეზონის დასკვნითი მატჩი გოლის გარეშე დამესრულებინა და ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევძელი, მადლობა მათ.

'შუქურაში" კარგი წლები გავატარე და ცოტა გული დამწყდა მათ კარში ამდენი გოლის გატანა რომ შევძელი, მაგრამ ასეთია ფეხბურთი - ეს ჩემი პროფესიაა და ზრდა და განვითარება უნდა გავაგრძელო, იმედია "ვიკინგები" არ მიწყენენ.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა. თავდამსხმელი მაშინ ფასდები, როცა გოლი გაგაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ეს ჯილდო მეც მხვდა წილად.

ასეთი საინტერესო სეზონის შემდეგ, რა იქნება შენს კარიერაში მორიგი ეტაპი? რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

ამ ეტაპზე, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ამჟამად, "გაგრას" ფეხბურთელი ვარ, თუმცა როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან გარკვეული შეთავაზებები არსებობს. ვნახოთ, სავარაუდოდ, 2024 წლამდე ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება.

სხვა სტატიები