ზედიზედ მეორედ: ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გასული ორი სეზონია ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება.
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რედ ბულ ზალცბურგის დომინაციის შეწყვეტა შეძლო და ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონი გახდა, რის ფონზეც ოთარ კიტეიშვილი მიჯრით ორ გათამაშებაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბრუნო-გალას დაჯილდოებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში გამგზავრების გამო ვერ დაესწრო, მაგრამ მისთვის განკუთვნილი მედალი ალტახთან მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ მიიღო.
ზედიზედ ორჯერ მოგებული თასის, მიჯრით ორი ჩემპიონობის, ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელობის გარდა, ოთარ კიტეიშვილს გასულ წლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. ქართველი ფეხბურთელი წინა ორი სეზონის განმავლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ახლაც იგივე სტატუსს ინარჩუნებს. 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ (მეტოქეებს 9 ტურის შეხვედრა აქვთ გამართული) გრაცის შტურმს 18 ქულა აქვს, უახლოეს სამ მდევარს ქულათა მინიმალური სხვაობით უსწრებს.