Belive

ვილი სანიოლი: "ნოემბრის მატჩები მარტის პლეი-ოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"ოთარ კიტეიშვილს თავისი ქრონიკული აქილევსის მყესი აწუხებს. ამ ტიპის დაზიანება სიფრთხილეს საჭიროებს. ამიტომ სჯობს, რომ სრულფასოვნად გამოჯანმრთელდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრიაში იმ დონის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რომ მოედანზე მალე დაბრუნდეს. არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ ალბათ რამდენიმე კვირაში.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ის დღეს აქ არ არის, არის ის, რომ მას MLS-ის პლეი-ოფში უნდა ეთამაშა და შემდეგ ხანგრძლივი ფრენა ჰქონოდა. ის მხოლოდ შოტლანდიასთან მატჩის წინ შემოგვიერთდებოდა და კარგ ფიზიკურ კონდიციებში არ იქნებოდა. ამიტომ, აღარ გავრისკეთ, მომავალში კი ის ისევ ჩვენი ნაკრების ყურადღების ქვეშ იქნება.

დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენის" განაცხადში დაბრუნდა და ითამაშა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით მას მუხლი შეუშუპდა და ისევ სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ჩვენ წინ 2 ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელიც პლეი-ოფისთვის მოსამზადებელ პერიოდში დაგვეხმარება.

ფეხბურთელებს აქვთ შანსი, რომ მაღალი დონის თამაშის ხარისხი აჩვენონ, რათა მარტში ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდნენ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მარტი  ფეხბურთელებისთვის, ფედერაციისთვის და მთლიანად საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

წლევანდელ წელს მე ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახე. მათ ეს დაიმსახურეს. მათგან ორი ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვი იყვნენ, თუმცა ამჟამად მათ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. ახლა ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში არიან, იმედი მაქვს 21-წლამდე გუნდს ოფიციალურ მატჩში დაეხმარებიან და შემდეგ უფრო მეტს და უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ.

ჩვენ მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, ირაკლი აზაროვი, ლევან შენგელია, რომელიც გასული თვეების განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობს. მან მოუმატა და ტაილანდთან და კვიპროსის ნაკრებთან მეორე ტაიმში ის ძალიან ეფექტური იყო.

მისი უკრაინაში გამოსვლის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები იყო, ამჟამად კი იცის თუ რაზე უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს.
საყრდენი ნახევარდაცვის ზონაში, ისევე როგორც დაცვასა და თავდამსხმელის პოზიციაზე გასულ პერიოდში პრობლემები გვქონდა. კვიპროსთან ჩატარებულ მატჩში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ნახევარდაცვის სამეულმა, რომელსაც კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი აყალიბებდნენ, თავი კარგად წარმოაჩინა. სანდრო ალთუნაშილმა ტაილანდთან მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ის ფაქტი, რომ სანდრო ალთუნაშვილი ამჟამადაც ეროვნული გუნდის განაცხადში იმყოფება, ნიშნავს, რომ ჩვენთვის ის საჭირო ფეხბურთელი და ერთ-ერთი არჩევანია, მე კი არჩევანის საშუალება მაქვს.

რა თქმა უნდა, ყველას არა, რადგან ბევრს საკუთარ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ სურს, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის გუნდის მთავარ მწვრთნელთან და სამწვრთნელო გუნდის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს.

სანაკრებო ფეხბურთი განსახვავებულია. თუნდაც გიორგი მიქაუტაძის მაგალითი ავიღოთ, რომელიც ეროვნულ გუნდში უმეტესად ძალიან კარგად თამაშობს, მათ შორის გასულ ოქტომბერში, თუმცა ამსტერდამულ გუნდში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. "კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძის სიტუაციაც მსგავსია. მე მათ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ ბევრ ასპექტს განსხვავებულად ვუყურებთ.

გაბრიელ სიგუა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, ყველა ქართველი ნახევარმცველისგან განსხვავებულია. ახლო მომავალში, ჩემთვის, ან საქართველოს ნაკრების შემდეგი მწვრთნელისთვის ის შეიძლება ძალიან ძლიერი არჩევანი აღმოჩნდეს ნახევარდაცვის ზონაში. მინდა, რომ ის ნაკრების გარემოს ეტაპობრივად შეეჩვიოს და სწორედ ამიტომ ვიძახებ მას ნაკრებში.
ოთარ კაკაბაძე ეროვნული გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტაბილური და საჭირო ფეხბურთელია, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლება რომ გვქონდეს. მას ეროვნულ ნაკრებში დიდი დრო აქვს გატარებული. კარგი ამბავი არის ის, რომ მან ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დაბრუნდა.

ზოგადად, ფლანგის ფეხბურთელებს მე აქტიურად ვიყენებ და ამ პოზიციებზე ბევრი ფეხბურთელი მოიაზრება. ვლადიმიერ მამუჩაშვილი, რომელიც გასულ პერიოდში "დინამო ბათუმში" და ეროვნულ გუნდში კარგად თამაშობს. ასევე გვყავს გიორგი გოჩოლეიშვილი და ლევან შენგელია, ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე ფლანგზე მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია. მოთამაშე, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის. 

2 წლის წინ, 2021 წლის ოქტომბერში, კოსოვოსთან მატჩში სათამაშო სისტემის შეცვლა გადავწყვიტე, ხვიჩასთან საუბარი მქონდა. კვარა "ნაპოლიშიც" გასული 6-7 თვის განმავლობაში უფრო ცენტრიდან თამაშობს.

იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი თუ რომელ პოზიციაზე იწყებ თამაშს, არის ის, თუ მატჩის დრო როგორ ახერხებ პოზიციების შეცვლას და გადაადგილებას.

ყველა უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელშიც ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია შედის, სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ამის მაგალითი ზინედინ ზიდანია, რომელიც მადრიდის "რეალსა" და საფრანგეთის ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდა", - - თქვა ვილი სანიოლმა.

ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ მატჩს გამართავს - 16-ში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 19 რიცხვში, სტუმრად, ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება.

სხვა სტატიები