Belive

ვილი სანიოლი: "ჩემთვის ფეხბურთი დისციპლინა და პროფესიონალიზმია, ამ მხრივ ჩვენი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში შეკრებას იწყებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნაკრების ისტორიაში პირველი დიდი ტურნირის წინ პრესკონფერენცია გამართა და არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"3 თვის წინ, ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მხოლოდ ოცნება იყო, ახლა კი რეალობაა და იმაზე ვსაუბრობთ, შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლას. მე მითამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ვთვლი, რომ ეს ყველაზე რთული სანაკრებო ტურნირია. არ ვთვლი, რომ ფეხბურთელებს რაიმე კონკრეტული ამოცანა უნდა დავუსახო. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით.

რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად კარგად ითამაშა ლევან შენგელიამ, ასევე გასულ მატჩებში გიორგი წიტაიშვილი ძალიან კარგი იყო. ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელის წამოყვანა არ შემეძლო და ასეთი არჩევანი გავაკეთე. ფეხბურთელებისთვის რთული მომენტია, როცა განაცხადში ვერ ხვდებიან და შეიძლება ვარჯიშის გაგრძელებაც არ სურდეთ, მაგრამ დასკვნითი ვარიანტი უეფას 7 ივნისს უნდა გავუგზავნოთ და მოთამაშეებმა ამაზე უნდა იმუშაონ.

ჩემთვის ფეხბურთი არის შრომა, დისციპლინა და პროფესიონალური მიდგომა და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რასაც ამ თვალსაზრისით ჩვენმა გუნდმა ამ მხრივ მიაღწია. მარტის 10-დღიანმა შეკრებამ ამ მხრივ ძალიან შედეგიანად ჩაიარა. ფეხბურთი რომ მხოლოდ ნიჭზე იყოს დამოკიდებული, მე საჭირო საერთოდ არ ვიქნებოდი.

მე მიყვარს ეს ქვეყანა და ხალხი, რადგან თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც მუდმივად ოპტიმისტურად ფიქრობთ და მუშაობთ. იმედი მაქვს, მალე კიდევ უფრო მაღალი დონის ოცნებები გაჩნდება, როგორიც თუნდაც ფინალში გასვლაა.

ვფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე შემადგენლობაში ფეხბურთელთა რაოდენობის 23-დან 26-მდე გაზრდა სწორი გადაწყვეტილება გახლავთ. ვფიქრობ კარგი რაოდენობაა. ამის მიუხედავად, მაინც არიან ფეხბურთელები, რომლების არ გამოძახებაც ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, არსებული ვარიანტიდან საუკეთესო, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ.

გასაგებია, რომ ფეხბურთელებს სატრანსფერო პერიოდი უახლოვდებათ და ეს საკითხი ყველა ნაკრებს ეხება. კარგი იქნება, თუ ისინი თავიანთ პირად მდგომარეობას ტურნირის დაწყებამდე მოაგვარებენ, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, ვფიქრობ ეს გამოწვევა არ იქნება, ისინი პროფესიონალები არიან და შეძლებენ, რომ სრული კონცენტრაცია თავიანთი ქვეყნის ნაკრებზე გადაიტანონ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, 9 ივნისს, მონტენეგროსთან სტუმრად, პოდგორიცაში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

სხვა სტატიები