Belive

ვილი სანიოლი: "მთელი კარიერა ასეთი მატჩებისთვის ვემზადებით"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ამ მატჩში რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სულისკვეთება, რომლის გარეშეც რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. გუნდში მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებს კონცენტრაციის შესახებ ვესაუბრები. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები განსაკუთრებულად მომზადებულია, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი კი გონებრივი მზადყოფნაა. ჩვენ მოტივაცია არც ერთ შემთხვევაში არ გვაკლია და შევეცდებით, გონებრივი მზადყოფნა და სულისკვეთება მოედანზე გადავიტანოთ.

დიახ, საკმაოდ მჭიდრო კალენდარი გვაქვს და მოსამზადებლად ძალიან ცოტა დროა. ზოგი ფეხბურთელი ორშაბათს დილით, ზოგი კი საღამოს ჩამოვიდა. ეს განსაკუთრებული მატჩია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულად ახალი დროის სიმცირის გამო არ მოგვიფიქრებია. რუტინა, საწვრთნელი პროცესი, ტაქტიკური ვარჯიშები, ყველაფერი გვაქვს გეგმის მიხედვით, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.

გასული თვეების განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრები კარგად შევისწავლეთ, ბევრი მატჩის ჩანაწერი ვნახეთ და საქმეს მაქსიმალური სულისკვეთებით მივუდექით. განსაკუთრებულად, მათი გასული 1 წლის მატჩები შევისწავლეთ. როგორც წინა პრესკონფერენციის დროს ვთქვი, არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე სათანადოდ დავაფასოთ. საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. დღეს და ხვალ ფეხბურთელებთან ტაქტიკაზე ვისაუბრებთ, შევეცდებით, რომ ბურთი გავაკონტროლოთ, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

ჯაბა კანკავას დაბრუნება ნაკრებში, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის ჩვენთვის საჭირო მოთამაშეა. რაც შეეხება იქნება თუ არა ის შემადგენლობაში, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ხვალ ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს, დანარჩენს კი ყველანი ხვალ, ლუქსემბურგის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გაიგებთ.

ჩვენ, ფეხბურთელები და მწვრთნელები მთელი კარიერის განმავლობაში ასეთი მატჩებისთვის ვემზადებით", - თქვა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები