Belive

ვილი სანიოლი: "ყველა ფეხბურთელი მზად არის, 90 ან 120 წუთის განმავლობაში თამაშისა და გამარჯვებისთვის"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფოტო: სანდრო ბლიაძე

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული, ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ნახევარფინალური მატჩისგან განსხვავებით, ფინალურ შეხვედრამდე მოსამზადებლად, უფრო მეტი დრო, 4-5 დღე გვქონდა. ასევე, აღდგენისთვისაც მეტი დრო გვქონდა. ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურ მზადყოფნაშია და ვემზადებით ფინალური მატჩისთვის.

მეტოქის შესახებ ბევრს არასდროს ვსაუბრობთ და მხოლოდ საკუთარი გუნდის მზადყოფნაზე ვფიქრობთ.

ვიცით, რომ ბევრი მიზეზის გამო ძალიან რთული მატჩი გველოდება. როცა გავიგეთ, რომ საბერძნეთი ჩვენი მეტოქე იქნებოდა, კარგ გუნდებში მოთამაშე ძლიერი ფეხბურთელებისა და ასევე იმის გამო, რომ ეს ფინალია, გავაანალიზეთ, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ეს ფინალია და ჩვენ გამარჯვება გვინდა, მაგრამ იგივე სურვილი ამოძრავებს საბერძნეთის ნაკრებსაც. შეიძლება, ყველაზე მაღალი და ძლიერი არ იყო, მაგრამ ყოველდღიური მოქმედებით გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოიმუშავო.

თუ ყოველდღე ყველაფერს გააკეთებ გამარჯვებისთვის, მაშინ ოცნების ასრულებასთან ახლოს მიხვალ. ოცნება ყველას შეუძლია, ჩემს შვილებსაც, მშობლებსაც. რაც შეეხება გამარჯვებულის მენტალიტეტს, ეს ყოველდღიური შრომით და მიზანდასახული, თანმიმდევრული მოქმედებებით ყალიბდება.

დინამიკა ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ ჩემი ფეხბურთელები კარგად იაზრებენ, თუ რა არის წარმატება და მის მისაღწევად რისი გაკეთებაა საჭირო. ოთო კაკაბაძემ თქვა, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ. ყველანაირად მზად ვართ და მხოლოდ მატჩის დაწყებას ველოდებით. ჩემი ფეხბურთელები 100%-ით მზად არიან.

ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში მაქსიმალურად დარწმუნებული ვარ და იმ შემთხვევაში, თუ მატჩის 120 წუთის განმავლობაში თამაში მოგვიწევს, ამას მზად შევხვდებით. თამაშის ყველა ასპექტისთვის ვემზადებით, მათ შორის პენალტების სერიისთვის.

ყველა ფეხბურთელი 120 წუთის განმავლობაში სათამაშოდ მზად იქნება. გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, რათა შემდეგი დატვირთვებისთვის მზად იყვნენ. ყველა ფეხბურთელი მატჩისთვის სრულფასოვნად მზად არის.

26 ფეხბურთელი გვყავს განაცხადში და ყველა მათგანი სასტარტო თერთმეტეულში ყოფნისთვის მზად არის, მაგრამ 3 მათგანი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი არის ის, რომ თამაში ყველას უნდა და პროფესიონალები არიან. მთავარი არის, ის, რომ ყველა მზადაა, გამარჯვება კი არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად უნდა მოვიპოვოთ.

ჩვენ გვაქვს გეგმა ხვალინდელი მატჩისთვის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რაიმე რეცეპტი რომ არსებობდეს, რომელიც ყველა მატჩში გამარჯვების გარანტია იქნებოდა, ჩემს კომპანიას დავაარსებდი და ამ რეცეპტის გაყიდვით მდიდარი გავხდებოდი", - თქვა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები