Belive

ვილი სანიოლი: "ის რაც ქართველი ხალხის თვალებში, ევროპის ჩემპიონატზე ვნახე, არასდროს მინახავს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UEFA-ს ოფიციალური ჟურნალი, The Technician საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის გასული წლების განმავლობაში მიღწეული განვითარების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში, სხვადასხვა წარმატებული პროექტებია შეფასებული და განსაკუთრებული აქცენტი, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ისტორიულ მონაწილეობაზეა გაკეთებული.

The Technician საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლთან ინტერვიუსაც გვთავაზობს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი საინტერესო თემებზე საუბრობს.

"ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლამ ქართულ საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ერთიანობას ნატრულობდა. მან ის მთელი ტურნირის განმავლობაში მიიღო. საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილმა ისტორიამ უძლიერესი ეფექტი იქონია. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ნაჩვენები თამაშით ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის იმედი შესძინეს.

ის, რასაც მე ქართველი ხალხის თვალებში ვხედავდი, არასდროს მინახავს. მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრებაში ამ გამოცდილების მიღება.

ჩვენ მიზნად არ გვქონდა დასახული ევროპის ჩემპიონატის მოგება. ყველამ იცოდა, რომ ეს არარეალური იყო. აქედან გამომდინარე, სოციალური და სპორტული კუთხით სხვა მწვრთნელებზე შედარებით მეტი წნეხი იყო.

ჩვენი მთავარი ამბიცია იყო, რომ საქართველოს ევროპული ფეხბურთის რუკაზე თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. გვსურდა, რომ ტურნირის ბოლოს ქართველ გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას ჩვენით ეამაყა. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი. ზედმეტი წნეხის გარეშე მუშაობა ბევრად იოლია.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენ წარმოვიდგინეთ, თუ როგორი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა ამ ტურნირზე. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ დაცვაში მომწიფებულად, შეტევაში კი „ბავშვურად“ უნდა ემოქმედათ. ამით ის ვიგულისხმე, რომ დაცვაში ძლიერი, ორგანიზებული, სტრუქტურულად დალაგებული და, რაც მთავარია, გუნდური თამაში იყო საჭირო. ხოლო რაც შეეხება „ბავშვურ შეტევას“, მოგეხსენებათ რომ ბავშვებს სწრაფად სურთ ბურთით მეტოქის კარის დალაშქვრა, ნაცვლად პასის გაცემისა. სწორედ ასეთ მიდგომაზე გვსურდა აგვეგო ჩვენი თამაში, რამეთუ ის ჩვენი ფეხბურთელების პროფილს შეესაბამებოდა", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები 2025 წელს უეფას ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენი პლეი-ოფით დაბრუნდება და ორ მატჩს სომხეთის ნაკრებთან, ჯერ სტუმრად, 20 მარტს, შემდეგ კი, სამ დღეში საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები