ვილი სანიოლი: "ჩეხეთის ნაკრებს უკვე კარგად ვიცნობთ, ევროპის ჩემპიონატის მსგავს მატჩს ველით"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ახალი, 2024/25 წლების სეზონის საწყის ტურში, ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა.
"ამ მატჩში ფაქტობრივად იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, ვფიქრობ მსგავს მატჩს უნდა ველოდოთ. ჩეხეთის ნაკრებს თამაშის საკუთარი, სპეციფიკური სტილი აქვს და მსგავს მატჩს ველით.
რამდენიმე ცენტრალური მცველი დაგვაკლდა, რის გამოც, საბა გოგლიჩიძეს საქართველოს ნაკრებში გამოძახების შესაძლებლობა მივეცით. მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ვაკვირდებით, ასევე ვადევნებთ მის თამაშს იტალიის სერია A-ში და ვფიქრობ, ეტაპობრივად, ის მთავარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.
ფეხბურთელებმა უკვე იციან, თუ როგორი სტილის მატჩს უნდა ელოდონ ჩეხეთის ნაკრებისგან.
ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ერთმანეთთან შეხვედრით და კარგი ემოციების გაზიარებით ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები არიან. წარმატების შემდეგ მადა გეხსნება და ახლა ისინი უფრო მშივრები და მოტივირებულები არიან, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ, ვიდრე გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
ამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა გახლდათ, იმ შემადგენლობიდან 20 ფეხბურთელი ახლაც გუნდშია. ახლა შემდეგი დიდი მიზნისა და ამბიციისკენ უდნა ვიაროთ. კონკრეტულად, თუ რისი მიღწევა იქნება ჩვენი ამოცანა, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იგივე დისციპლინის, სულისკვეთების გამოვლენა იქნება ის, რასაც ფეხბურთელებისგან მოვითხოვ და მათ ეს იციან.
ერთა ლიგა ხალი ტურნირია და ის ჯერ 10 წლისაც არ არის. ზოგირთი გუნდისთვის ეს ტურნირი ნაკლებად მნიშვნელოვანია და როგორც ამხანაგურ მატჩს ისე უდგებიან. რაც შეგვეხება ჩვენ, ეს შესაძლებლობაა რომ კიდევ უფრო მეტად ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ავიწიოთ რანგით უფრო მაღალ ლიგაში და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოვემზადოთ", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.