Belive

"ვეცდები მწვრთნელი და თანაგუნდელები არ გავაწბილო" - სანდრო მამუკელაშვილი

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტორონტო რეპტორსის ახალწვეული, სანდრო მამუკელაშვილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მომავალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ახალ გუნდში მამუს დიდ ნდობას უცხადებენ და შესაძლოა 2025/26 წლების სეზონი ქართველი ვარსკვლავისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს, რომელშიც მას მუდმივად ექნება სათამაშო დრო და თავისუფლება.

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, TORONTO STAR სანდრო მამუკელაშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მამუ აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის სეზონის სტარტს და სჯერა, რომ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს იმედს არ გაუცრუებს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში დიდ ბრძოლაში ვიყავი - მქონდა, როგორც აღმასვლა, ასევე დაცემა. იმ პოზიციამდე მოსასვლელად, რომელსაც ამჟამად ვიკავებ, ბევრი კითხვისნიშანი გავიარე. როდესაც მწვრთნელი ამ დოზით გენდობა და გესაუბრება, შენი როლის შესახებ, ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და როგორც მოთამაშეს ძალიან გეხმარება. ამავდროულად, შენზე დიდი მოლოდინები იქმნება და ამით აღფრთოვანებული ვარ.

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მოვხვდი ლიგაში, რომელში თამაშიც ჩემი მუდმივი ოცნება იყო და რომლისთვისაც ვლოცულობდი, დადგა დრო დავამტკიცო, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს იმედები არ გავუცრუო, რადგან ვიცი, თუ როგორ უნდა ვიშრომო თავდაუზოგავად იმისთვის, რომ ჩემი ადგილი მივიღო. - სანდრო მამუკელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/26 წლების სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება. რეგულარულის პირველ მატჩში ტორონტო რეპტორსი ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება. რეგულარული სეზონის ოფიციალურ სტარტამდე, ტორონტო პრე-სეზონზე 6 დაპირისპირებას გამართავს.

სხვა სტატიები