"ვეცდები, ფინიშზე წავიდე და ბრძოლა დროზე ადრე დავამთავრო" - ამირან გოგოლაძე
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
7 ოქტომბერს, ბრატისლავაში, OKTAGON47-ის ივენთზე, ამირან გოგოლაძის ბრძოლა შედგება. ქართველი "სნაიპერი" ქვესაშუალო წონაში, პოლონელ ლუკაშ სივიეცს დაუპირისპირდება. ამირან გოგოლაძისა (15:3) და ლუკაშ სივიეცის (9:2) ბრძოლა მეინ ქარდზე შედგება. აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ბრძოლისთვის, გოგოლაძე ფავორიტის სტატუსით სარგებლობს - სივიეცი კი ანდერდოგია.
სივიეცთან ბრძოლის წინ, belive ამირან გოგოლაძეს ესაუბრა. ჩვენთან საუბარში, "ქართველმა სნაიპერმა" აღნიშნა, რომ ბრძოლისთვის იდეალურად მოემზადა და ყველანაირად ეცდება, რომ მეტოქე დააფინიშოს.
7 ოქტომბერს გასამართი ბრძოლისთვის, უკვე 3 თვეა ვემზადები. წინა ბრძოლებისგან განსხვავებით, როცა ცოტა დრო და დიდი წონა მქონდა, ამ ეტაპზე, უკვე დაწყებული მაქვს კლება და ნაკლები წონით ვიწყებ ბრძოლისთვის მზადებას. ძალიან კარგ ფორმაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და ველოდები, როდის დადგება ბრძოლის დღე.
იყო პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ სერიოზული არაფერია. ბრძოლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. ძალიან კარგი მოწინააღმდეგე მყავს. ამასთანავე, მგონია, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან უფრო კარგი ბრძოლები გამომდის და უფრო მიმარტივდება ხოლმე, რადგან მიჭირს იმ მებრძოლებთან ჩხუბი, რომლებიც გამირბიან ან/და არ შემოდიან გაცვლებში. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, სივიეცის ძლიერ მხარედ ჭიდაობას მივიჩნევ: ჭიდაობა არა ცენტრიდან, არამედ ოქტაგონის კუთხეში - წელიდან ჭიდაობს, რომ მოწინააღმდეგე ჩაიყვანოს, მაგრამ ჩემ ჩაყვანას ვერ შეძლებს, რადგან ძალიან კარგად ვიქნები მომზადებული და მცდელობის დროს, ძალიან დიდ ენერგიას დავახარჯინებ - მოკლედ, შარშია!
წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, რადგან MMA ბრძოლაა, სადაც ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდო, როგორც საკუთარი თავისგან, ასევე მოწინააღმდეგისგან. შევეცდები, პირველი იქნება, მეორე, თუ მესამე რაუნდი - ფინიშზე წავიდე და დროზე ადრე დავამთავრო ბრძოლა, რადგან მომენატრა ფინიშით ბრძოლის მოგება. - ამირან გოგოლაძე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ბრატისლავაში, OKTAGON47-ის ივენთზე, ამირან გოგოლაძისა და ლუკაშ სივიეცის დაპირისპირება შედგება.