Belive

ვასილიოს კარაგუნისი: "ვნახე, რამდენს ნიშნავს საქართველოსთვის ეს შანსი"

1 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

უეფას ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მატჩის მოგება სჭირდება. გადამწყვეტი, ისტორიული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 26 მარტს უნდა შედგეს და მასში ჩვენი გუნდი საბერძნეთს უნდა შეხვდეს.

მატჩის წინ, შევეცდებით ჩვენი მეტოქე ნაკრების გულშემატკივრების და ზოგადად ბერძენი, ფეხბურთელების, მწვრთნელების თუ ექსპერტების მოსაზრებები გაგაცნოთ.

ამჯერად, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელს, ვასილიოს კარაგუნისს შევხვდებით. 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც დაცვის ორივე ფლანგზეც თამაშობს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისამდე თამაშობდა. კარიერის განმავლობაში, იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი „უდინეზეს“ 19-წლამდელთა გუნდის, ასევე იტალიური „რეჯინას“, კვიპროსული „აელ ლიმასოლის“ და სხვა გუნდების წევრი გახლდათ, ამჟამად კი ლევან კორღალიძის გაწვრთნილ, ყაზახურ „ჟენისში“ თამაშობს. მას მოახლოებულ მატჩზე ვრცლად ვესაუბრეთ.

ქუთაისის „ტორპედოში“ გატარებული პერიოდი რომ გაიხსენო. რა მოგონებები გაქვს გუნდთან და გულშემატკივართან? შენს პერიოდში გუნდს უფრო დარჩენისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა კი ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. რას ფიქრობ გუნდის შანსებზე, ახალ სეზონსა და ამბიციებზე?

ვთვლი, დიდი პატივი მხვდა წილად, რომ „ტორპედოში“ ვითამაშე. საქართველოში ჩამოსვლამდე ვიცოდი გუნდის ისტორია, ახლა კი, დავით კერესელიძის მისვლის შემდეგ, ნათელია, რომ ძველი დიდების დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ეს გამოწვევაც ამიტომ მივიღე.

ვაკვირდები „ტორპედოს“ და მათ თამაშს და ვფიქრობ, რომ გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია. ჯერ მხოლოდ ლიგის დასაწყისია და რა თქმა უნდა, ტუტულამდე ვრცელი გზაა, მაგრამ თუ ისინი თანმიმდევრულად გააგრძელებენ, მშვენიერი შანსი ექნებათ, რომ ჩემპიონები გახდნენ.

„ტორპედოს“ ქომაგთან ერთად დაუვიწყარი წუთები მაქვს გატარებული, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთადაა. ყველამ საუკეთესოდ მიმიღო და მაჩვენა სიყვარული პირველი დღიდან. ამიტომ, ყოველთვის, როცა მინდორზე ვაბიჯებდი, სულს და ყველაფერს ვიღებდი მათთვის. რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ხშირად ვურთიერთობ და ამის გამო მუდამ ბედნიერი ვიქნები.

საქართველოს და საბერძნეთის მატჩზე ვისაუბროთ. როგორ თამაშს ელოდები ამ ორივე ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მატჩში?

მე მჯერა, რომ საბერძნეთსაც და საქართველოსაც ამ მომენტში ჰყავს მაღალი დონის, გამოცდილი მოთამაშეების შემადგენლობა. ორივე გუნდი მოტივირებულია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ერთ მხარეს საბერძნეთი, რომელსაც აქვს ევროზე თამაშისა და 2004 წელს მოგების გამოცდილებაც კი, მაგრამ გასულ ევროპის ჩემპიონატებში ვერ მონაწილეობს. ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სურს ეს ისტორიული კვალიფიკაცია, რომელიც ფუნდამენტური იქნება მთელი ქვეყნისთვის. საინტერესო თამაში გველოდება.

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ატმოსფეროზე რა იცი და როგორ ფიქრობ, რამხელა უპირატესობაა ეს საქართველოს ნაკრებისთვის?

თავად ბორის პაიჭაძის შესახებაც ბევრი მსმენია. ვიცი, რომ „დინამო თბილისში“ თამაშობდა და მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაც დაასახელეს.

რაც შეეხება სტადიონს, სახლში თამაში ყოველთვის უპირატესობაა, ატმოსფერო კი გიჟური იქნება, რადგან მთელი ქვეყანა ელის ამ კონკრეტულ თამაშს.

ეს ეხება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, ამიტომ ეს ფინალია. სამწუხაროდ, საქართველოში ყოფნის დროს არ მქონდა საშუალება მენახა ეროვნული ნაკრების თამაში, მაგრამ ყოველთვის მესმოდა და ვგრძნობდი იმ მხარდაჭერას და სიყვარულს, რაც ხალხს აქვს საქართველოს ნაკრების მიმართ.

ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ვარსკვლავი საბერძნეთს არ ჰყავს. რამდენად იქნება ეს ჩვენი ნაკრებისთვის უპირატესობა?

უდავოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს გამორჩეული ვარსკვლავია. მან დაამტკიცა თავისი თვისებები და ის, რომ ტოპ მოთამაშეა. მას შეუძლია სხვაობის შექმნა და ეს არაერთხელ აჩვენა სერია A-ში. ვფიქრობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის თამაშზე.

საბერძნეთის ნაკრების ამჟამინდელ გუნდს როგორ დაახასიათებ?

საბერძნეთი არის გუნდი დაკომპლექტებული ფეხბურთელებით, რომლებიც თამაშობენ უცხოეთის უმაღლეს ლიგებში. მათ აქვთ ხარისხი და შეუძლიათ ყველა მეტოქესთან ადაპტაცია.

ისინი თამაშობენ გუნდურად და იბრძვიან ყველა ბურთისთვის, შეტევაში კი არიან ინდივიდუალური უნარების მქონე მოთამაშეები, რომლებსაც არსაიდან შეუძლიათ შანსების შექმნა.

ახლა ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობ და ყაზახურ ფეხბურთსაც იცნობ. როგორ ფიქრობ, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის ნაჩვენები შედეგი (5:0) გუნდებს შორის რეალურ სხვაობას ასახავს?

ყაზახეთს აქვს ფიზიკური კონდიციების ძალიან მაღალი დონე და ჰყავს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი.

საბერძნეთთან მატჩში ნაადრევმა გოლმა ყაზახეთს გარკვეული სტრესი მოუტანა და ამის მართვის გამოცდილებით საბერძნეთმა ისარგებლა და მეტი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში, ყაზახეთი ცდილობდა შემობრუნებას, მაგრამ საბერძნეთი მეტ სივრცეს პოულობდა და დიდი უპირატესობა დაფიქსირდა.

როგორ ფიქრობ, რამდენს ნიშნავს ეს მატჩი ორივე ქვეყნისთვის?

მე ვუყურე თამაშს და ვნახე ყველა დარტყმაში, ყველა ორთაბრძოლაში, რამდენს ნიშნავს ეს მატჩი საქართველოსთვის და მთელი ერისთვის. გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში განუწყვეტლივ ქომაგობდნენ თავის ნაკრებს და გუნდს ყველანაირად ეხმარებოდნენ.

საქართველოს ნაკრებს ლუქსმებურგთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა, მაგრამ მწვრთნელის არჩევანი თავდამსხმელის პოზიციაზე მაინც გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ბუდუ ზივზივაძესთან ერთად საქართველოს ნაკრები ძალიან სახიფათოდ გამოიყურება.

ფაქტი, რომ ამ წყვილს შორის ევროპის ჩემპიონატზე გასავლელად მხოლოდ ერთი ბილეთია დარჩენილი, ორივე ნაკრების მოტივაციასა და ამ მატჩის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

ვილი სანიოლის და გუსტავო პოიეტის შედარებას გთხოვ. რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რას უნდა ველოდოთ მათგან ამ მატჩში?

ორივე მწვრთნელს უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში და მყარი და კომპაქტური დაცვა: როცა გუნდს ბურთი არ აქვს და სწორ მომენტებში პრესინგის და სწრაფი კონტრშეტევების დახმარებით ფონს გადის. როცა სივრცეებს პოულობენ ან მომენტების შესაქმნელად მთავარი შემტევების კრეატიულობას ეყრდნობიან.

როგორია შენი პროგნოზი და მოლოდინი ამ მატჩის წინ?

საბერძნეთმა, განსაკუთრებით 2004 წელს ევროს მოგების შემდეგ, დააწესა მაღალი ზღვარი და ყველა დიდ შეჯიბრში ერი ეროვნული ნაკრების მონაწილეობას ელის. გასულ ტურნირებზე ვერ მოხვედრის დავიწყება საბერძნეთს შემდეგი შესაძლებლობის გამოყენებით სურს. საქართველოსთვისაც, ამ ისტორიული კვალიფიკაციის შანსი აჩენს განცდას, რომ ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო თამაშს ველოდები და სავარაუდოდ, საუკეთესო გაიმარჯვებს.

სხვა სტატიები