უკრაინელი კომენტატორი: "აზაროვს შახტარში საუკეთესო თამაში გამოუვიდა"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უკრაინელი საფეხბურთო ჟურნალისტი და კომენტატორი, ვიქტორ ვაცკო საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფლანგის ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში, "ბრესტთან" (2:0) მოგებულ მატჩში, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაში, "შახტარში" ტრანსფერის შემდეგ საუკეთესოა.
"პედრო ენრიკეს წითელი ბარათის გამო მიღებულმა დისკვალიფიკაციამ ირაკლი აზაროვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოაპოვებინა. აზაროვმა თავი კარგად წარმოაჩინა, მართალია ის ბრაზილიელი არ არის, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა.
მგონია, რომ ეს მისთვის "შატხარის" შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო თამაშია, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ეს ტურნირი შესაძლებლობების წარმოჩენის ვიტრინაა.
ვხედავთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მარინო პუშიჩი ირაკლი აზაროვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევს, მიუნხენის "ბაიერნთან" პედრო ენრიკეს დისკვალიფიკაციის დროსაც კი, მაგრამ "ბრესტთან" ნაჩვენები ფეხბურთით ქართველმა ყველა იმის ყურადღება მიიპყრო, ვინც ფლანგის მცველს ეძებს.
იცით ვინ გამახსენა აზაროვმა ამ მატჩში? ახალგაზრდა ალექს გრიმალდო "ბენფიკაში", - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.
საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში სადებიუტო მატჩი "ბრესტთან" გამოუვიდა, რომელშიც მისმა გუნდმა (2:0) მოიგო, მეორე გოლის დროს 22 წლის ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა.