Belive

თორნიკე კახოიძე: "ნაკრებში ბიჭები ისე დამხვდნენ, როგორც ოჯახის წევრს"

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

თორნიკე კახოიძე ახალგაზრდა ქართველი მორაგბეა, რომელმაც U20 რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა. სწორედ იმ მსოფლიო თასზე, სადაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი, სწორედ ჩვენი რესპოდენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა ის, ორ თანაგუნდელთან (ირაკლი აფციაური, ლუკა ხორბალაძე) ერთად, მსოფლიოსთვის მოსამზადებელ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა.

თორნიკე "შავ ლომში" ასპარეზობს და პირველ პროფესიონალურ ქართულ ფრენჩაიზთან ერთად, "ჩელენჯ ქაფზე" წარმატების მიღწევას შეეცდება. 

ჩემი ოჯახისთვის რაგბი უცხო არასდროს ყოფილა. ჯერ მამისა და ბიძის ცხოვრების წესად იქცა, მერე ჩემი უფროსი ძმის და ჩემი. როდესაც შენი პირველი სათამაშო რაგბის ბურთია - ბუნებრივია სიყვარული რაგბის მიმართ თავისთავად მოდის და ექვსი წლიდან რაგბის კლუბ "ლელოში" დავიწყე ვარჯიში.

ჩემი ინსპირაციის წყარო არა მარტო ოჯახი, არამედ უფროსი თაობის ქართველი მორაგბეები არიან. მათ შორის ისინი, ვისთან ერთადაც დღეს მიწევს მოედანზე დგომა. "ლელოში", ერთ-ერთი საპლეიოფო თამაში გვქონდა, რის შემდეგაც “შავი ლომის” მენეჯერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ვარჯიშებზე ბიჭებს დავემატებოდი. ეს ჩემთვის ორმაგი მოტივაცია აღმოჩნდა - იმისთვის, რომ სამომავლოდ არა მარტო “შავი ლომის” რიგებში, არამედ ნაკრებშიც ამ ბიჭებთან ერთად მეთამაშა.

"შავი ლომი" ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. სწორ დროს მომეცა ამ გამოცდილების მიღების საშუალება. ერთი სული მქონდა ჩემი შესაძლებლობები მოედანზე გამომეცადა, თუმცა, ეს უნდა დამემსახურებინა და გარკვეული თამაშებიც ვითამაშე. ადაპტაციის პროცესი უკვე გავლილი მაქვს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ბიჭებთან ერთად. ნაკრებში ბიჭები ისე დამხვდნენ, როგორც ოჯახის წევრს. ერთად ვარჯიშმა, თამაშმა, ბიჭებთან ურთიერთობამ ძალიან გამიმარტივა გავმხდარიყავი მათი ოჯახის წევრი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა.

U20-ს რაც შეეხება, ვფიქრობ, ძალიან კარგი ტურნირი გამოგვივიდა, რაც შედეგზეც აისახა. ეს თამაშები არა მარტო მე, არამედ ყველა მოთამაშეს დაეხმარება განვითარებაში. მივიღეთ გამოცდილება და tier1-ის გუნდებს დავანახეთ, რომ მათ არაფრით ჩამოვუვარდებით და ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ღირსეული თამაში შეგვიძლია. 

კუმირი არ მყავს, თუმცა ბავშვობაში მომწონდა რენე რანჯერის სათამაშო სტილი. სუპერ რაგბი ამ ეტაპზე ძალიან მაგარი გამოწვევა იქნებოდა, თუმცა, ყველაზე მაღალ საფეხურზე ტოპ 14-ს ვაყენებ. 

გასული ტესტ-მატჩებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი შანსი გვაქვს ისტორიული შედეგის მიღწევის. რაც შეეხება მსოფლიო თასის ფავორიტს, რაგბის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია წინასწარ ვინმე გამოარჩიო. ყველაფერს ტურნირის მსვლელობა გვიჩვენებს.

სხვა სტატიები