Belive

თომა ტაბატაძე: "კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე - ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ"

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში უზბეკეთის ვიცე-ჩემპიონმა და თასის ფინალისტმა, "ნავბაჰორ ნამანგანმა" საუდის არაბეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბს ფრე - 1:1 ეთამაშა.

ამ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი 31 წლის ქართველ თავდამსხმელს, თომა ტაბატაძეს მიუძღვის, რომელმაც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ნეიმარის და სხვა ევროპელი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის კარში გოლის გატანა მოახერხა.

მატჩის შემდეგ გამოცდილ ქართველ ფორვარდს დავუკავშირდით და შეხვედრის შეფასება, გატანილ გოლსა და ნეიმართან დაპირისპირების შესახებ საუბარი ვთხოვეთ.

პირველ რიგში, უშუალოდ მატჩი რომ შევაფასოთ, რამდენად რთული შეხვედრა გამოვიდა? მეტოქე საუდის არაბეთის ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული კლუბია, იმ ქვეყნის, რომელშიც დღეს უამრავი ვარსკვლავი გადადის. როგორი განწყობა გქონდათ კლუბში ასეთ მეტოქესთან დაპირისპირების წინ?

რა თქმა უნდა მზად ვიყავით და ვიცოდით, რომ წინ რთული თამაში გველოდებოდა, მითუმეტეს როცა ასეთი კლასის ფეხბურთელებთან გიწევს შეხვედრა. განსაკუთრებულად ვემზადებოდით როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. პირადად მე ყველა თამაშზე ერთნაირი განწყობით გავდივარ, გუნდშიც მოტივაცია იგრძნობოდა. ფაქტია რთული და ამაღელვებელი მატჩი გამოვიდა.

გუნდს ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ალექსანდრ მიტროვიჩი, თუმცა მთავარი ვარსკვლავი ნეიმარია. იყო თუ არა ეს დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი მატჩის წინ?

გეთანხმებით, თუმცა ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ მიმენიჭებინა, ასეთ შემთხვევაში ამ შედეგის დადებას ვერ შევძლებდი.

უშუალოდ გოლის ეპიზოდზე რას გვეტყვი, იყო თუ არა შენს კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და გატანის შემდეგ პირველ წამებში რაზე ფიქრობდი?

დიახ, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. რაც შეეხება ემოციებს, ძალიან გახარებული ვიყავი, გამიჭირდება ის ემოცია სიტყვებით გადმოგცეთ - შეუდარებელი გრძნობაა.

მატჩის შემდეგ საინტერესო ფოტოები გავრცელდა, როცა ნეიმართან ახლოს იმყოფებოდი. საინტერესოა, თქვენს შორის რაიმე დიალოგი ხომ არ შედგა?

სიტყვები არ გაგვიცვლია, მხოლოდ თვალებით კონტაქტი შედგა. ფოტოზე რომ ვიღიმი, უბრალოდ ემოციაა - ალბათ მაგ დროს გავიაზრე ბოლომდე თუ ვინ მედგა ერთ ნაბიჯში...

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

2 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში გიწევდა თამაში, დღეს კი უკვე უზბეკეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში თამაშობ, სტატისტიკურადაც სტაბილურად კარგი სეზონი გაქვს და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტიც სულ ცოტა ხნის წინ გქონდა? როგორი იყო განვლილი გზა?

ბევრი ქვეყანა და გუნდი შევიცვალე, სულ ახალ გარემოში მიწევდა ადაპტაცია, შესაბამისად განვლილი გზა ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა ეს გზა ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ მრავალი სიახლეა.

როგორი იქნება სამომავლო გეგმები, კარიერაში ახლა გამორჩეულად კარგი პერიოდი გიდგას და საინტერესოა, რა არის მთავარი გამოწვევა, რომლის მიღწევაც შემდეგ ეტაპზე სურს?

დღესდღეობით მთავარი გამოწვევა გუნდთან ერთად მიზნების მიღწევაა. ამ ეტაპზე სამ ფრონტზე ვიბრძვით: ჩემპიონატი, თასი და აზიის ჩემპიონთა ლიგა, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადია. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული, როგორ დავასრულებ სეზონს, სამომავლო გეგმებიც ამის მიხედვით აეწყობა.

სხვა სტატიები