ტიტე კალანდაძე: "ჩვენი ნაკრები ტრადიციების გამოცოცხლებას ცდილობს, იმედია ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება"
საქართველოში გუნდური სპორტის სახეობებში გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა არსებობს. საქართველოს ნაკრებები სხვადასხვა სპორტში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშს შეეჩვივნენ, ერთ-ერთი გამორჩეული კი ხელბურთელთა გუნდია, რომელმაც ზედიზედ მეორედ, კონტინენტის მთავარ ტურნირზე მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვა.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების უახლოესი წლების განმავლობაში არსებული წარმატების ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტიტე კალანდაძეა, რომელმაც ახალგაზრდული გუნდი ჩამოაყალიბა და რამდენიმე გამოცდილ მოთამაშესთან სინთეზით ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების, ტურნირის წილისყრის, ჩვენი მომავალი მეტოქეების გარკვევის და ქართულ ხელბურთში არსებული ტენდენციების შესახებ ვესაუბრეთ.
გილოცავთ ისტორიული წარმატების მიღწევას. საბერძნეთთან მატჩი პარკეტზეც და ტრიბუნებზეც გამორჩეული გამოდგა. ელოდით თუ არა ასეთ გარემოს, ატმოსფეროს და აჟიოტაჟს?
დიდი მადლობა მოლოცვისთვის თქვენ და სრულიად საქართველოს. სასწაული გულშემატკივრობა ვნახეთ. ნამდვილად არ ველოდით ასეთ აჟიოტაჟს და გარემოს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელბურთის ნაკრების მატჩებზე ასეთი რამ ნამდვილად არ გვინახავს. ხალხი მოვიდა და დარბაზი გაავსო. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ამხელა გამოხმაურებას და ასეთ ატმოსფეროს ნამდვილად არ ველოდით. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა.
ახლა გამოვდივარ ამ ეიფორიიდან და სრულად გავიაზრე თუ რა მოხდა, იმხელა დაძაბულობას და წნეხს ვგრძნობდით, გვიჭირდა იმის დაჯერება, თუ რა გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა.
წარმატებას ისიც მატებს ფასს, რომ მარტივ ჯგუფში ნამდვილად არ გვითამაშია და გამორჩეულად ძლიერ მეტოქეებს შევხვდით...
ბევრჯერ მითქვამს და კვლავ ვიტყვი, რომ ხელბურთი ლოგიკური სპორტია და უმეტეს შემთხვევებში უფრო ძლიერი გუნდი იმარჯვებს. თითქმის გამორიცხულია, რომ რომელიმე გუნდმა გამარჯვება მოულოდნელად მიიღოს.
ხელბურთი ისეთი დინამიური და დაძაბული სპორტის სახეობაა, რომელშიც განსაკუთრებული სიძლიერის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ.
ისეთ დონეზე ვთამაშობთ, რომ აქ თამასა ძალიან მაღალია და ფიზიკურად შეუძლებელია სუსტი გუნდი შეგვხვდეს. მეორე მხრივ, ჩვენ საკუთარი შედეგი გავაუმჯობესეთ: ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ვითამაშებთ და თან საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო მაღალი, მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია და მჯერა, რომ გაუმჯობესების პერსპექტივა კიდევ არსებობს.

ისლანდიაში ჩატარებულ თამაშს როგორ შეაფასებთ? ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული გვქონდა, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან, მწირი რესურსით კარგი თამაში ვაჩვენეთ.
ისლანდია ჩემი აზრით საუკეთესო ნაკრებების რიგებშია. გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ ნებისმიერ დღეს ევროპის ჩემპიონებს და უძლიერეს მეტოქეებს აჯობოს.
7 ხელბურთელი გვაკლდა და გადახალისებული შემადგენლობით ვთამაშობდით, ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ და ამის ფონზე, კმაყოფილი ვარ, რომ ვაჩვენეთ ხასიათი და ის, რომ შეგვიძლია ისლანდიის დონის მეტოქეებთან კარგად ვითამაშოთ.
წინა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, გასულ შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდი რამდენად გაიზარდა? რას ფიქრობთ უკვე შემდგარ საკვალიფიკაციო რაუნდზე?
ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში წინა ევროპის ჩემპიონატზე მიღებულმა გამოცდილებამ ძალიან გაგვზარდა. ტექნიკური, ტაქტიკური, გუნდური თვალსაზრისით უკეთესები გავხდით. ვფიქრობ, ასეთი შეკრული და კარგი გუნდი წინა შესარჩევების დროს არ გვყოლია. გუნდში თავდაჯერებულობაც იგრძნობა მატჩების დროს და ეს ეტაპობრივად მოდის.
ჩვენთვის, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე ვითამაშოთ, სანაკრებო მატჩები, შესარჩევი ეტაპის და ამხანაგური შეხვედრებია. ახალგაზრდა გუნდი ვართ, ნელ-ნელა ბიჭები უკვე გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ. ადრე ბავშვებს ვეძახდი, ახლა კი უკვე გაიზარდნენ ასაკითაც და სათამაშო ხარისხითაც და ჩამოყალიბებული ხელბურთელები არიან.

წილისყრა უკვე შედგა და მეტოქეები გავარკვიეთ. ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენს გუნდს გამოცდილება უკვე მიღებული აქვს. რას ელით ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე?
მე ამ ჯგუფს ყველაზე რთულს ვუწოდებ, მაგრამ ზუსტად ასეთი უმაღლესი დონის გუნდებთან გამოცდილების მიღება და თუნდაც წაპაექრება, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის თქმა, ბევრს ნიშნავს. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის და საბერძნეთის ნაკრებებთან მეტი წნეხი გვქონდა, რადგან მაქსიმალური შედეგის დაფიქსირებაზე ვკონცენტრირდით, ახლა კი ევროპის ტიტულოვან ნაკრებებთან თავისუფლად ვითამაშებთ და ჩვენი თამაშის ჩვენებას შევეცდებით.
როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოხვედრა ქართველი ხელბურთელების ინდივიდუალურ კარიერაში წინსვლას რამდენად შეუწყობს ხელს?
ლოგიკურად, ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თავისთავად არ ხდება და შემთხვევითობა არ არის. ეს ნიშნავს, რომ გუნდი კარგი ხელბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, კარგი გუნდების სკაუტები უნდა დაინტერესდნენ. წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც ხელბურთელები შესაძლებელია გრანდებში არა, მაგრამ უკეთეს გუნდებში ნამდვილად გადავიდნენ. იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირის შემდეგ ჩვენი ხელბურთელები კარიერული თვალსაზრისით გაიზრდებიან.

საქართველოს ჩემპიონატისა და ზოგადად ქართული ხელბურთის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სანაკრებო წარმატება?
იმის ფონზე, რომ ჩვენს ჩემპიონატში შეზღუდული ფინანსური მდგომარეობის მქონე გუნდები მონაწილეობენ, სანაკრებო წარმატება კიდევ უფრო დიდი სასწაულია. იმედი მაქვს, რომ ქართული ტრადიციების გამოცოცხლებით, რასაც ჩვენი გუნდი ცდილობს, სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
