თემურ ქეცბაიას ყოფილი ასისტენტი - თელავს ბერძენი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
საქართველოს ჩემპიონატში მეშვიდე უცხოელი მწვრთნელი დაინიშნა - "თელავმა" ბერძენი სპეციალისტის, გეორგიოს კოსტისის მოწვევის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
51 წლის ბერძენი სპეციალისტი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში საბერძნეთისა და კვიპროსის ჩემპიონატების წარმომადგენელ გუნდებში ორივე ფლანგის გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ის 2015-18 წლებში ნიქოზიის "აპოელში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მათ შორის თემურ ქეცბაიასთან. მის კარიერაში მოგვიანებით ჩინეთისა და სომხეთის ჩემპიონატების გუნდები იყო.
გეორგიოს კოსტისი საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეშვიდე უცხოელი მწვრთნელია. ელიგაში ორი უკრაინელი: "დინამო ბათუმისა" და წყალტუბოს "სამგურალის" მწვრთნელები, შესაბამისად ანდრეი დემჩენკო და ალექსანდრ პაკკლონსკი, ორი ესპანელი "დინამო თბილისის" თავკაცი, ანდრეს კარასკო და ქობულეთის "შუქურას" ხელმძღვანელი კარლოს გონსალესი, ქუთაისის "ტორპედოს" შოტლანდიელი მესაჭე სტივ კინი და "სამტრედიას" ჩრდილოეთ მაკედონიელი ხელმძღვანელი, დიმიტარ კაპინკოვსკი მუშაობენ.
"თელავს" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს დაგროვებული, მეშვიდე პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით უსწრებს, რაც შეეხება მომდევნო მატჩს, კახელები 21 ოქტომბერს, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ ითამაშებენ.