Belive

ბიორნ იონსენი: "ტორპედოში შესასრულებელი მიზნები დამრჩა: ევროტურნირებზე უნდა ვითამაშოთ"

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ბიორნ იონსენი ქუთაისის "ტორპედოში" რჩება. მას გუნდის შეცვლა თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.

იმერულმა გუნდმა ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნორვეგიელი თავდამსხმელი გუნდში დარჩენის გადაწყვეტილების მიღების შესახებ საუბრობს.

"დიდხანს ვიფიქრე, ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოში" დარჩენა გადავწყვიტე, აქ საქმეები კიდევ მაქვს: ჩემპიონობა და ევროტურნირებზე თამაში.

გუნდმა კარგი ტრანსფერები განახორციელა და ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი მიზანი მუდამ საქართველოს ჩემპიონობაა, ვეცდებით, რომ თასიც მოვიგოთ, მაგრამ მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, ევროპულ ტურნირებზე თამაშია, რომ საქართველოს კოეფიციენტის მომატებაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რეალურია.

ბედნიერი ვარ, "ტორპედოში" დაბრუნებით, ახალი სეზონი უჩემოდ უცნაური იქნებოდა. იმედი მაქვს წელს უფრო მეტს მივაღწევთ და ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ", - ამბობს ბიორნ იონსენი.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა საქართველოში გატარებულ 2024 წელს, 40 მატჩში 26 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები