თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს აღარ გაწვრთნის
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის C დივიზიონის მეორე ტურში კვიპროსის ნაკრებმა საშინაო მატჩში კოსოვოსთან (0:4) წააგო და ამის შემდეგ, 2025 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაწყდა.
"თემურ ქეცბაიასთან ვისაუბრეთ და ნაკრებში კლიმატის გასაუმჯობესებლად ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი გახლდათ.
ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ამ რთულ პერიოდში, ბატონი თემურ ქეცბაია გამოავლენდა პროფესიონალიზმს, სერიოზულობას და დადასტურებულ სიყვარულს ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად ფეხბურთის მიმართ. მისი დამოკიდებულება პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამ თანამშრომლობით ვერც ქეცბაიამ და ვერც ნაკრებმა შედეგს ვერ მიაღწია.
გულწრფელად მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას და წარმატებას ვუსურვებთ როგორც პირად ისე პროფესიონალურ დონეზე", - ამბობს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი კუმასი.
თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 2022 წლის ივნისის შემდეგ მუშაობდა და გუნდს 20 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც გუნდმა 5 მოიგო.