Belive

თბილისის გრანდ სლემი საქართველომ ტრიუმფით დაასრულა

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

თბილისის გრანდ სლემი, რომელიც დედაქალაქში 22-24 მარტს ტარდებოდა, დასრულდა. შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო ჯამში, 5 მოპოვებული მედლით, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე საშეჯიბრო დღეს, ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს, დღეს კი ყულაბას ლაშა ბექაურისა და გურამ თუშიშვილის ოქროები და საბა ინანეიშვილის ბრინჯაო დაემატა.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი წრე გამოტოვა და მეორე წრიდან ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, შემდეგ ამერიკელი ჯონ ჯეინი და ბოლოს იმისთვის, რომ ნახევარფინალში გასულიყო, რუმინელი ალექს კრეტი დაამარცხა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნახევარფინალში ბერძენი თეოდოროს ცელიდისის ბარიერი გაიარა, ფინალში კი ულამაზესი იპონით აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი დააგდო. თბილისის გრანდ სლემზე, ბექაურისთვის ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა.

გურამ თუშიშვილმა (+100) ჩემპიონობამდე ეს გზა გაიარა: პირველ წრეში გერმანელ ერიკ ამბრამოვს მოუგო, შემდეგ მონღოლი პერენლეიამც უსუხბაიარი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის სლოვაკი მარიუს ფიზელი გააგდო, ფინალში კი ყაზახ იერასილ კაჟიბაიევთან მოგებით გავიდა. გურამმა ოქროს მედალი თავისი საფირმო კისრულით და სუფთა გდებით მოიპოვა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური კი ვერცხლს დასჯერდა.

სწორედ კოკაურთან მარცხის გამო მოხვდა საბა ინანეიშვილი (+100) რეპეშაჟში, სადაც გერმანელ და ყაზახ მეტოქეებს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტურნირი მძიმეწონოსნების ფინალით, შესაბამისად თუშიშვილის ოქროთი და საქართველოს ჰიმნით, მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ.

სხვა სტატიები