Belive

ტატო გრიგალაშვილი: "მე კვლავ მსურს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ქალებიდან კი 63 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა – ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა.

ტატომ 2022 წლის მსგავსად წელსაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ფინალში კარგად ნაცნობი მეტოქე, ბელგიელი – მატიას კასე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან, ტატო გრიგალაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის, ემოციების გადმოცემა და ამ ემოციებიდან გამოსვლა მარტივი არ არის, ძალიან რთულია.

მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მაგარია, მითუმეტეს როდესაც ტიტულს იცავს, მაგრმა ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა სულ რაღაც 7 თვე გაგრძელდა, ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან ტაშკენტში 7-თვის წინ გავიმარჯვე და არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ ასე ძალიან მოვსიყვარულებოდი ჩემს წითელ არშიასა და მსოფლიო ჩემპიონობა, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა კვლავ გავიმარჯვე და უფრო დიდი ხანი ვიქნები ბედნიერი და მშვიდად ჩემს მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად.

როგორც აღვნიშნე კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მატიას კასეს, მომწონს მისი ჭიდაობა, ძალიან რთულია მასთან წინასწარ რაიმე გეგმა დასახო და დაგეგმო, თუმცა რათქმა უნდა რაღაცა რჩევები მიღებული მქონდა მწვრთნელისგან, მზად ვიყავი საბრძოლველად, რადგან ძალიან არ მინდოდა ტიტულის დათმობა. კასეს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა მე კვლავ მსურს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერს გავიღებ..." - ტატო გრიგალაშვილი.

სხვა სტატიები