Belive

ტაშკენტის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

3-5 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოს გრანდ სლემის შეჯიბრს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 9 სპორტსმენი იასპარეზებს.

3 მარტს პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ.


60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან დარბაისელი.

ამირან დარბაისელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება და პირველად იჭიდავებს საერთაშორისო არენაზე. იგი ასპარეზობას A ბადეში დაიწყებს და განუთესავი იქნება. პირველ რაუნდში მას თურქმენი მეტოქე - ჰაკბერდი ჯუმაიევი ეყოლება. თურქმენი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, გერმანელ - მორიტს პლაფკისა და აზერბაიჯანელ - აჰმად იუსიფოვს შორის გამარჯვებული შეხვდება.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, მსოფლიოს ჩემპიონი C ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც გერმანელ - მაქსიმილიან სტანდკესა და თურქმენ - აიბეკ ომიროვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ექსპერტების აზრით, ტაშკენტის გრანდ სლემზე, ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.


57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლიპარტელიანი 2023 წელს პირველად იჭიდავებს, მას აქამდე ჯერჯერობით არცერთ შეჯიბრში არ მიუღია მონაწილეობა.

ლიპარტელიანი A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ჩეხურ-უზბეკურ დაპირისპირებაში გადაწყდება.

ეთერ ლიპარტელიანს საკმაოდ კარგი ბადე აქვს იმისათვის, რომ მინიმუმ 1/4-ფინალის საგზური მოიპოვოს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00, ფინალური ეტაპი კი 16:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები