Belive

ვილი სანიოლი: "შევეცდებით ალბანეთთანაც ისე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეხვდება.

მატჩის წინ, ალბანეთის დედაქალაქ "ტირანაში" მდებარე "ეარ ალბანიას" სტადიონზე საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია შედგა, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინეს. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდს ვხვდებით. ვიცით, სტადიონზე არსებული შესანიშნავი ატმოსფეროს და იმის შესახებ, რომ რთულ გარემოში თამაში მოგვიწევს. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი საშუალებაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.

ორი წლის წინ ალბანეთთან 0:0 ვითამაშეთ და მეტოქის ძალები კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ალბანეთთან ისეთი მატჩი ჩავატაროთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც ეს ჩეხეთის ნაკრებთან თბილისში გავაკეთეთ.

ანგარიშის და შედეგის მიხედვით, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა, უბრალოდ ფეხბურთელებმა საკუთარი თავი ამ დღეს საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ არსებული რესურსით მაქსიმალურად მოვემზადებით.

ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც პენალტებს კარგად ასრულებენ: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გველესიანი. ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება გვაქვს. სხვადასხვა მატჩების წინ, არის რაღაცები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტულ შეხვედრაში პასუხისმგებლობის აღებას აქვს.

როცა გუნდი იგებს, მათი შეფასება გაცილებით მარტივი ხდება. უკრაინასთან მატჩში მათ კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, ჩვენსა და ალბანეთის ნაკრებს შორის ბევრი საერთო არსებობს", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები ალბანეთს 10 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები