სომხეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც კავკასიურ დერბიში ჩვენი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ნაკრები 2025 წელს, უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი პლეი-ოფის ორმატჩიანი დუელით დაიწყებს. კავკასიურ დერბიში მეტოქე სომხეთის ნაკრები იქნება. ჩვენი გუნდი მეტოქეს კარგად იცნობს და აქამდე მათთან არაერთხელ უთამაშია.
იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი 20 მარტს, ერევანში, ხოლო 23 რიცხვში, თბილისში სომხეთს შეხვდება, ჩვენი მეტოქე გუნდის ისტორიას, სტატისტიკასა და ურთიერთშეხვედრებს გადავხედოთ და სიახლეებიც განვიხილოთ.
დაარსება: 1992 წელს
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1992 წლის 18 იანვარს
ფიფას წევრი: 1992 წლიდან
უეფას წევრი: 1992 წლიდან
პრეზიდენტი: არმენ მელიკბანიანი
ფიფას რეიტინგი: 100 (19 დეკემბერი, 2024)
უმაღლესი რეიტინგი: 30 (2014 წლის თებერვალი)
ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 159 (1994 წლის ივლისი)
საშინაო არენა: ვაზგენ სარგისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი (ერევანი)
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ სხიპი
კაპიტანი: ვარაზდატ ჰაროიანი
სტატისტიკა
პირველი მატჩი: სომხეთი - მოლდოვა 0:0 (1992 წლის 12 ოქტომბერი, ერევანი, სომხეთი)
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: სომხეთი - გვატემალა 7:1 (2016 წლის 28 მაისი, ლოს ანჯელესი, აშშ)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: სომხეთი - ნორვეგია 0:9 (2022 წლის 29 მარტი, ოსლო, ნორვეგია)
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: სარგის ჰოვსეპიანი (133)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ჰენრიხ მხითარიანი (32)

ისტორია
საქართველოს მსგავსად, სომხეთის ნაკრების დამოუკიდებელი ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება. იქამდე, გამორჩეული სომეხი ფეხბურთელები წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ.
1992 წელს, სომხეთის ნაკრებმა თავისი ისტორიის საწყისი მატჩი, მოლდოვასთან გამართა და ფრედ ითამაშა (0:0). მას შემდეგ, ჩვენი მეზობელი ნაკრების შემადგენლობაში თაობათა ცვლა რამდენჯერმე განხორციელდა, მაგრამ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სომხეთის ნაკრებმა ვერ მოახერხა.
საუკეთესო შედეგი საკვალიფიკაციო ეტაპებზე უეფას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება გახლავთ.
უეფას ერთა ლიგა, ტურნირი, რომელიც დაარსების შემდეგ ყველაზე წარმატებულად ალბათ სწორედ საქართველოს ნაკრებმა გამოიყენა, სომხეთმა ჩვენს მსგავსად D დივიზიონიდან დაიწყო. სომხეთის ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ B ლიგამდე მიაღწია, თუმცა იქ გაჩერება ვერ შეძლო, კვლავ რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა და ახლა, საქართველოსთან პლეი-ოფში სწორედ B დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვის.
სომხეთის ნაკრების ისტორიაში რამდენიმე ვადით, როგორც მთავარ მწვრთნელად, ისე ტექნიკურ დირექტორად ვარდან მინასიანი მუშაობდა, ადამიანი, რომელსაც გუნდისთვის ყველაზე მეტი, 45 მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელია. სპეციალისტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, "თელავსაც" ხელმძღვანელობდა, სომხეთის ნაკრებს კი ყველაზე კარგი შედეგები სწორედ მასთან ერთად ჰქონდა.
გუნდის არსებობის ისტორიაში გამორჩეული შედეგი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება სომხეთმა 2020 წელს შეძლო, როცა ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოც ჰყავდა. საქართველოს ნაკრებს მაშინ ისტორიაში სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჰქონდა წაგებული და გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, რასაც ქართულ-სომხურ აქამდე დასკვნით მატჩში, "დინამო არენაზე" მეტოქის გამარჯვება (2:1) მოჰყვა.
სომხეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და მთავარი ვარსკვლავი, ჰენრიხ მხითარიანია, რომელიც გასული წლების განმავლობაში ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში აღარ თამაშობს, მისი თაობის წარმომადგენლებიც კარიერას ეტაპობრივად ასრულებენ და ნაკრებში ახალი სახეები ჩნდებიან.
რამდენიმე წლის წინ, სომხეთის ნაკრებმა ქვეყნის ფარგლებს მიღმა მყოფი ემიგრანტების შთამომავლებისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე იზრუნა და საკმაოდ კარგი მოთამაშეები თავის რიგებში ჩარიცხა. მაგალითად, არგენტინაში დაბადებული, გაზრდილი და საფეხბურთო კარიერის დამწყები, ნორბერტო ბრიასკო და ლუკას ზელარაიანი.
ახალი თაობის გამორჩეული სახელი და გვარი, ედუარდ სპერტსიანია, რომელიც "კრასნოდარის" აკადემიის აღზრდილია და ახლა მთავარი გუნდის კაპიტანია, მისი დამატება მადრიდის "ატლეტიკოს" სურს, მაგრამ ტრავმის გამო ის ჩვენთან შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პლეი-ოფში გასვლამდე, სომხეთის ნაკრებმა ლატვიას ორივე მატჩი მოუგო, ფარერების კუნძულების გუნდთან საშინაო კედლებში წააგო, სტუმრად ფრედ ითამაშა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი ქულის აღება ვერ შეძლო. 7 ქულით სომხეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 20 და 23 მარტს გასამართ შეხვედრებში ჩვენი მეტოქე გახდა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრებს მეტოქეებად უნგრეთის, ირლანდიის ნაკრებები და პორტუგალიასა და დანიას შორის გამარჯვებული ეყოლება.
სომხეთის ნაკრების საშინაო არენა წლების განმავლობაში ჰრაზდანის სტადიონი გახლდათ. 1970 წელს აშენებული 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, ერევნის "არარატის" საშინაო არენა გახლდათ, დამოუკიდებლობის შემდეგ კი, 2008 და 2012 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის სახლად იქცა.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ, სომხეთის ნაკრებს ჰრაზდანის სტადიონზე აღარ უთამაშია. როგორც ცნობილია, სტადიონს ტექნიკური პრობლემები აქვს და შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
გასული წლების განმავლობაში, სომხეთის ნაკრებისა და სომხური გუნდების ევროპული ტურნირების საშინაო შეხვედრები უმეტესად რესპუბლიკურ სტადიონზე იმართება. სტადიონი საკმაოდ ძველია, ის 1935 წელს გაიხსნა და ერევნის "დინამოს" საშინაო არენა გახლდათ. სტადიონს რეკონსტრუქცია სამჯერ, უახლოეს წარსულში კი 2008 წელს ჩაუტარდა და ტევადობა 14 403 მაყურებელზეა გათვლილი.
სომხეთის ნაკრების სათამაშო ფორმა ტრადიციულად, ქვეყნის დროშის ფერებშია გაფორმებული, 2018 წლიდან კი უნიფორმაზე იტალიური კომპანია "მაკრონი" ზრუნავს.

ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიის განმავლობაში 7-ჯერ შეხვდნენ, აქედან 2 ოფიციალური, ხოლო 5 ამხანაგური მატჩი გამოდგა.
1997 წელს ნაკრებების გზები სადებიუტოდ იკვეთება. ისტორიული მატჩი და 2023 წლის 12 ოქტომბრამდე, ტაილანდთან გამარჯვებამდე, საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდოც, ჩვენმა გუნდმა 7:0 მოიგო. შოთა არველაძის ჰეთ-თრიქი, არჩილ არველაძის დუბლი, გიორგი ქინქლაძისა და მიხილ ყაველაშვილის გოლები და ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება.
ოფიციალური მატჩები უეფას ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაში შედგა, როცა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა ჩატარდა, საწყის მატჩში ფრე დაფიქსირდა, თბილისში კი სომხეთის ნაკრებმა მოიგო.
ისტორიის განმავლობაში ჩატარებული 7 მატჩიდან ბალანსი ჩვენი გუნდისკენ იხრება: 3 გამარჯვება, 2 წაგება და 2 ფრე. კავკასიურ დერბიში გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსში, საქართველოს ნაკრები იგებს: 13:9.

მწვრთნელი
საქართველოსთან მატჩში, სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯონ ვანტ სხიპს დებიუტი ექნება. ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში 10 წელიწადი ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა, 4 სეზონი კი იტალიურ "ჯენოაში" გაატარა. ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ 41 მატჩში მან 2 გოლის გატანა მოახერხა და ევროპის 1988 წლის ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.
ვანტ სხიპი სამწვრთნელო კარიერასაც "აიაქსში" იწყებს და აკადემიის წარმომადგენელი გუნდების შემდეგ კო ადრიაანსეს ასისტენტი ხდება და შოთა არველაძეს წვრთნის. "აიაქსიდან" დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა იწყება და ჯერ "ტვენტეს" ხელმძღვანელობა, შემდეგ კი მშობლიურ გუნდში დაბრუნებაა. წლების განმავლობაში, ვანტ სხიპმა მარკო ვან ბასტენის და მარტინ იოლის თანაშემწედ "აიაქსის" სტრუქტურაში და ნიდერლანდების ნაკრებში იმუშავა.
მთავარი მწვრთნელის რანგში, ჯონ ვანტ სხიპმა მექსიკურ "ჩივასს" და ავსტრალიურ "მელბურნ ჰართს", ასევე ნიდერლანდურ "ზვოლესა" და საბერძნეთის ნაკრებს უხელმძღვანელა, რომელშიც ჩვენთან შეხვედრაც მოასწრო. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩში ვანტ სხიპის გუნდთან სტუმრად ქულის აღება შევძელით, ბათუმში კი სტუმრებმა მოიგეს.
ქართულ ფეხბურთთან ყველაზე უშუალო შეხება შოთა არველაძის გაწვრთნის შემდეგ, ნიდერლანდელ სპეციალისტს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ გოლეადორთან მატჩისას ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" დაუფასებლობის პერიოდში, სეზონის რთული სტარტის შემდეგ გუნდში ვანტ სხიპი მიიწვიეს.
