Belive

შოთა ნონიკაშვილი: "2024 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა, მთავარია მიზნისკენ სვლა გავაგრძელო"

1 თვის წინ ქართული სპორტი
10 წთ

ევრო 2024-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გამოდგა, ჩვენს გუნდში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. ახალი, ფართო მასებისათვის, თორემ ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედულ გულშემატკივარს შოთა ნონიკაშვილის სახელი და გვარი შესანიშნავად მოეხსენება.

თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშის კარიერა „იბერია 1999-ს“ აკადემიაში იწყება, საიდანაც მთავარ გუნდში, შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე „ჩერკაშის“ რიგებში, სულ ცოტა ხნის წინ კი ვილი სანიოლის სანაკრებო სიაში მოხვდა. 23 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს, რომელიც რამდენიმე თვეა ეროვნულ ლიგაში აღარ თამაშობს, მაგრამ ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთი მოწინავეა, უკრაინაში დავუკავშირდით და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ვესაუბრეთ.

2024 წელი საქართველოს ჩემპიონატში, "იბერიას" შემადგენლობაში დაიწყე და ბრწყინვალე პერიოდი გაატარე: თითქმის ნახევარ სეზონში 8 გოლის გატანა შეძელი, რაც შენი პოზიციის ფეხბურთელისთვის, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, გუნდს ჩემპიონატში ერთ-ერთ ლიდერობაში დაეხმარე და ბომბარდირთა დავაში ადგილს ახლაც კი ინარჩუნებ. როგორ აფასებ სეზონის ასეთ კარგ დასაწყისს და რას ფიქრობ, რისი დამსახურებაა, რომ ცენტრალურ ნახევარმცველს, ბევრი თავდამსხმელისთვის შესაშური სტატისტიკა გაქვს?

სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ, მინდა მადლობა გადავუხადო „იბერია 1999-ს“ იმ პერიოდისთვის, რომელიც ამ გუნდთან ერთად გამოვიარე: ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, ხელმძღვანელობას, გუნდის პრეზიდენტს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ახლა სადაც ვარ მათი დიდი დამსახურებაა.

2024 წლის სეზონს რაც შეეხება, ნამდვილად კარგი სტარტი გამოგვივიდა მეც და გუნდსაც, ვფიქრობ იდეალური პირველი წრე ჩავატარეთ. რაც შეეხება მეორე წრეს, მცირე ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთის თანმდევი ნაწილია და ის შრომა, რაც ფეხბურთელებმა გაწიეს, თქვენც ხედავთ, რომ უფასდებათ, რადგან გუნდი სატურნირო ცხრილში ლიდერია და ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა აკლია. მინდა, გუნდს დარჩენილ მატჩებში წარმატება ვუსურვო და იმედი მაქვს მიაღწევენ იმ მიზანს, რაც ერთად დავისახეთ.

ჩემს მიერ სეზონის კარგად დაწყებას და გოლებს რაც შეეხება, ამაში დიდი წვლილი გიორგი მიქაძეს მიუძღვის, რადგან არცთუ ისე კარგი პერიოდის შემდეგ, გვერდში დამიდგა, დამეხმარა იმ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური უნარების გაუმჯობესებაში, რაც რეალურად შემეძლო რომ გამომევლინა. მინდა მას ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობას ვუხდი ლევან კორღალიძეს ნდობისთვის და იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთა.

ზაფხულში უკრაინის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება არჩიე. გუნდში, რომელშიც ჩახვედი, მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკოა, რომელსაც "დინამო თბილისისა" და "იბერიას" აკადემიების აშენებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, გასულ წლებშიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავა და კარგად გიცნობს, რამდენად დიდი წვლილია მისი ამ ტრანსფერში?

რა თქმა უნდა, ანდრეს კარასკოს ფაქტორმა ჩემს მიერ უკრაინაში წამოსვლაში დიდი როლი ითამაშა, რადგან მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ვიცოდი, რომ ანდრესს ძალიან უნდოდა, რომ მის გუნდში მეთამაშა და მიუხედავად სხვა გუნდების ინტერესისა, მთავარი მიზეზი მაინც ის გახლავთ, რომ ანდრესი ამ გუნდში მელოდა. ჩემი აზრით, ახალ გუნდში მისვლის დროს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მწვრთნელის ნდობაა და ეს ნაბიჯიც მეტწილად ამიტომ გადავდგი. გარდა ამისა, უკრაინის ჩემპიონატის დონეც საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის: ამ ლიგაში არსებული ინტენსივობა, სამომავლოდ, განვითარებაში ძალიან დამეხმარება.

ზოგადად, უკრაინის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის შენი თანაგუნდელები ასაკობრივი ნაკრებებიდან, როგორ ფიქრობ, რატომ გაჩნდა განსაკუთრებული მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე უკრაინის ჩემპიონატში?

ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ბრწყინვალე შედეგებმა საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაზარდა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების წარმომადგენელ გუნდებს ქართველი ფეხბურთელების დამატების სურვილი აქვთ და გამონაკლისი არც უკრაინის ლიგა გახლავთ.

გოლის გატანა უკვე უკრაინის ჩემპიონატშიც მოახერხე, რამდენიმე ტურის წინ დონეცკის "შახტარს" გაუტანე, ეს ალბათ გუნდთან ადაპტირებაში კიდევ უფრო მეტად დაგეხმარება.

ცხადია, სადებიუტო გოლის გატანა სასიამოვნოა. სიმართლე გითხრათ, ადაპტირება არ გამჭირვებია, რადგან გუნდში კარგი გარემო დამხვდა, კარგად მიმიღეს ბიჭებმაც და მწვრთნელზეც როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვგრძნობ მის ნდობას ჩემს მიმართ და მეც ვცდილობ ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას.

წარმატებული სეზონის პარალელურად, საქართველოს მთავარ საფეხბურთო გუნდშიც გამოგიძახეს, როგორი გრძნობაა ჯერ ნაკრებში სადებიუტო გამოძახება, მერე კი მაისურის მორგება და მოედანზე გასვლა? არის ეს ის ერთ-ერთი მიზანი, რომლის გამოც ფეხბურთის თამაში დაიწყე?

ძნელია იმ მომენტის და ემოციების სიტყვებით აღწერა, როცა გავიგე, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. ჩეხეთის ნაკრებთან სადებიუტო მატჩის დროს ალბათ ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმ მომენტში. არა მარტო ჩემი, არამედ დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნებაა ქვეყნის ნაკრებში თამაში და სიამაყესთან ერთად, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორი შეკრება ჰქონდა და ორივეში მონაწილეობა მიიღე, ახლა კი წინ მესამე და გადამწყვეტი გველოდება: მოგვიყევი გუნდთან შენი ადაპტირების პერიოდზე და ასევე, მოახლოებულ მატჩებზე, რომელიც ნოემბერში გველოდება. ორივე მეტოქესთან უკვე ნათამაშები გვაქვს, მათ ძალებს კარგად ვიცნობთ, რას უნდა ველოდოთ, როგორც უკრაინის, ისე ჩეხეთის ნაკრებისგან?

ნაკრებში ახლა მყოფი ბიჭების უმეტესობასთან ერთად გავიზარდე და ამიტომ, ჩემთვის გუნდთან ადაპტირება რთული ამბავი არ გამოდგა. გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებში დიდი და ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს ერთად გამოვლილი. ახალგაზრდულ ნაკრებშიც, როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ვიყავით და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მათთან ერთად იმ პერიოდის გავლა, რასაც ახლა გავდივართ.

მოახლოებულ მატჩებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რთული იქნება იმიტომ, რომ უკრაინასაც და ჩეხეთსაც მაღალი დონის ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა თუ რა დონის ნაკრებია. ის ერთიანობა და მიზანდასახულობა რაც გუნდშია, დარწმუნებული ვარ მიგვიყვანს იმ შედეგამდე რომელიც ქართველ ერს ასე ძალიან სურს.

თავად უკრაინის ჩემპიონატში თამაშობ, ამ ქვეყნის საფეხბურთო რეალობას კარგად იცნობ და ამის გათვალისწინებით, რას გვეტყვი უკრაინის ნაკრებზე. პოლონეთში, მოედნის საფარმა ხელი შეგვიშალა, ბათუმში კი უკვე კარგ საფეხბურთო პირობებში უნდა ვითამაშოთ. ობიექტურად, ასახავდა თუ არა წინა მატჩის შედეგი რეალობას და როგორი ნაკრებია ამ მომენტისთვის უკრაინა, რა მიმართულებით უნდა ველოდოთ მათგან საფრთხეს და რა იქნება ჩვენი უპირატესობა მათთან შეხვედრაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკრაინას კარგი, ორგანიზებული გუნდი ჰყავს. მოედნის საფარს რაც შეეხება, იმ მოედანზე, ჩემი აზრით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. მითუმეტეს, იმ ფეხბურთის რაც ჩვენ გვიყვარს და რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს. ჩემი აზრით არ ვიმსახურებდით ამ შეხვედრაში მარცხს, მაგრამ ყველაფერი ხდება, 16-ში მეორე თამაში გვაქვს ბათუმში, კარგ სტადიონზე, სავსე ტრიბუნით და დარწმუნებული ვარ, ერთიანობით და ჩვენი ხალხის გვერდში დგომით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდება.

Image 47

2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღე, რამდენად დაგეხმარა ეს გამოცდილება მაღალი დონის სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობისთვის და მთავარ ნაკრებთან ადაპტირებისთვის? ამ ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება ხორვატიასთან, რათა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეთ, როგორი მოლოდინი გაქვს ამ შეხვედრებთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა დიდი და სასიამოვნო პერიოდი გამოვიარე ამ ნაკრებთან ერთად, როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე.

ხორვატია ნამდვილად ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მე მჯერა ჩვენი გუნდის და დარწმუნებული ვარ, მიაღწევენ სასურველ შედეგს, მინდა მათ წარმატება ვუსურვო.

2024 წელი, ყველაფრის გათვალისწინებით, შენს კარიერაში გარდამტეხი გამოდის, როგორ აფასებ თავად წლევანდელ წელს და რას ისურვებ ახალი წლიდან, როგორია შენი მიზანი, ამ მიზნამდე მისასვლელი გეგმა და შემდეგი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც კარიერაში გსურს?

2024 მართლაც განსაკუთრებული წელია ჩემთვის, შეიძლება ითქვას, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს წელი სავსე იყო ახალი შესაძლებლობებით, გამოწვევებითა და წარმატებებით, რაც დამეხმარა როგორც მოთამაშის, ისე პიროვნების განვითარებაში. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი, ახალ გუნდთან ერთად საერთაშორისო მატჩები: ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოცდილებაა.

ახალი წლისთვის მიზანი მაქვს, გავაგრძელო განვითარება და კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო ჩემს შესაძლებლობებზე, რადგან ნაკრებშიც და კლუბშიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე. ჩემი გეგმა მოიცავს შრომისმოყვარეობასა და დისციპლინას ყოველდღიურად, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მხარეზე მუშაობას.

მინდა მომდევნო ნაბიჯი კარიერაში იყოს სტაბილურობისა და პროგრესის მიღწევა, რომ ჩემმა შრომამ და განვითარებამ უფრო დიდ მიზნებამდე მიმიყვანოს.

სხვა სტატიები