Belive

"შეუძლია გრანადას ახალი სტიმული შესძინოს" - გაგნიძეს ესპანეთში სასიამოვნო სიურპრიზს უწოდებენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ანდალუსიური მედია საშუალება granadaenjuego საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისა და გრანადას ახალწვეულის, ლუკა გაგნიძის შესახებ საუბრობს. 

22 წლის ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგა 2-ში დებიუტი 14 სექტემბერს ლეგანესთან (0:2) წაგებულ მატჩში ჰქონდა, სადაც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, შემდეგ კი ამხანაგურ ტურნირზე, ზეთისხილის რტოს თასზე ხაენთან (2:4) შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა.

"ლუკა გაგნიძის ტრანსფერის შემდეგ, გრანადას გულშემატკივრებმა აქტიურად მოიძიეს ინფორმაცია და ვიდეო მასალა ქართველი ფეხბურთელის შესახებ. მართალია, მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა, მაგრამ ახალი სეზონის სასიამოვნო სიურპრიზი უკვე გამოდგა. ლეგანესთან თამაშში მან თავისი პოტენციალი გამოავლინა, შემდეგ კი ზეთისხილის რტოს თასზე პაჩეტამ ის სასტარტო თერთმეტეულში ათამაშა. მანუ ტრიგეროსისა და მარტინ ონგლას მხარდამხარ თამაშის მიუხედავად, გრანადას სათამაშო ტემპის წარმმართველი სწორედ ქართველი გახლდათ.

ქართველმა ფეხბურთელმა გრანადას მიზანდასახულობა და მოქნილობა შესძინა და თამაში გააუმჯობესა. ლუკა გაგნიძე მეტოქის საჯარიმოში მომენტის შესაქმნელად ხშირად ხვდება. შეუძლია გადამწყვეტი პასის გაკეთება და დარტყმა, რაც მეტოქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ტერფის დაჭიმულობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მას ბურგოსთან თამაშში, რაც დროებითი ჩავარდნა იქნება, თუმცა ცხადია, რომ როდესაც გაგნიძე ჯანმრთელი იქნება, მას შეუძლია პაჩეტას გუნდის საჭე გახდეს და დიდი სტიმული მოუტანოს წითელ-თეთრების ერთგულ ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდის ამ მღელვარე დროში მისაბაძი მაგალითი სჭირდებათ", - წერს granadaenjuego.

ლუკა გაგნიძის ახალ გუნდს ლალიგა2-ში 5 ტურის შემდეგ 4 წაგება და 1 ფრე აქვს და 1 ქულით 22-ე პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი 22 სექტემბერს ბურგოსთან სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები