შალვა გურეშიძე: ,, ეს ოცნება არაა - მიზანია, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ''
შაკო გურეშიძე 20 წლის ქართველი ძიუდოისტია, მან 2022 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რომლის დაცვა 2023 წელსაც შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს.,მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც დაამატა.
დღეს ჩვენი რუბრიკის ,, ახალი თაობის’’ რესპონდენტი, შაკო გურეშიძე იქნება.
ჩემი ცხოვრების წესად იქცა ძიუდო, თუმცა, ვარჯიში 5 წლის ასაკში არა საკუთარი, არამედ მშობლების გადაწყვეტილებით დავიწყე, სწორედ ამ დროს შევაბიჯე პირველად სპორტდარბაზში.
ჩემი ინსპირაციის წყაროც ჩემი მშობლები იყვნენ. მამაჩემი თავად წარმატებული ძიუდოისტი იყო და მგონია, რომ მისი აუხდენელი ოცნებების ახდენა, ჩემი ,,ვალდებულებაა’’, მინდა რომ ყველა იმ წარმატებას მივაღწიო, რისი სურვილიც მას ჰქონდა. დედაჩემი კი მუდმივად იყო ჩემი მოტივატორი, რომელიც ზრუნავდა ჩემს როგორც ფიზიკურ, ასევე, მენტალურ სიძლიერეზე. ყოველთვის შთამაგონებდა, რომ მცირედით არ დავკმაყოფილებულიყავი, ბევრი მეშრომა და ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონი აუცილებლად გავხდებოდი, ასეც მოხდა.
რაც შეეხება თანამედროვე ძიუდოში ჩემს კუმირებს. კუმირს ვერ ვუწოდებ და ამდენ ვარსკვლავს შორის ერთ-ერთის გამორჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ იაპონელი ძიუდოისტი ჯოშირო მარუიამაა ჩემი ფავორიტი სპორტსმენი ამ ეტაპზე. გამორჩეული ძიუდოისტებისგან ვცდილობ მაგალითის აღებას და ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნას.
როგორც იცით, სულ რამდენიმე დღის წინ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, რაც ჩემს კარიერაში აქამდე მოპოვებულ ჯილდოებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ ეტაპად, საქართველოს ჩემპიონატზე, დიდებში ასპარეზობას მივიჩნევ.
ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩემპიონობაზე რთული, ტიტულის შენარჩუნებაა. წელს მოვახერხე და გავხდი ევროპის ორგზის ჩემპიონი, ხოლო შარშანდელი მსოფლიოს ბრინჯაო, წელს ოქროს მედალში გადავცვალე. ამისთვის, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად განსაკუთრებული მომზადება დამჭირდა. გამარჯვების მოპოვება რა თქმა უნდა სასიხარულოა, თუმცა ის ფაქტი უფრო მახარებს, რომ ჩემს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ჩემი წარმატება უფრო მეტად უხარიათ, ვიდრე მე. ყოველივე ეს, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს, ძალებით ვივსები და მომავალი ასპარეზობისთვის, დადებითი ემოციებით დამუხტული ვემზადები.
გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ისევე, როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიური ჩემპიონობაა. აქვე ვიტყვი, რომ ეს ოცნება არაა - მიზანია, რომელსაც მჯერა რომ აუცილებლად მივაღწევ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. კარიერის გაგრძელებას რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინაა. მინდა ამ სპორტში საკუთარი თავი სრუალდ ამოვწურო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.