EJU: "დღეს ძიუდოში ბექაურის ხანა დგას - ისტორიის წერა გრძელდება"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU), პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს დასრულებიდან 1 კვირის თავზე, ლაშა ბექაურის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი ათაბეგაშვილიც საუბრობს.
"სახელწოდება ლაშა ბექაური - ცნობილია ოლიმპიური დიდებით, რომელიც მან ტოკიოსა და პარიზში მოიპოვა.
პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ბექაური შესაძლოა საერთოდ ვერ მომხვდარიყო, ყველაფერი კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადაწყდა, სადაც მან ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ოლიმპიური თამაშების საგზურსაც ინაღდებდა.
ოლიმპიურ თამაშებზე კი ხელის მძიმე ტრავმით იასპარეზა, თუმცა მან მსოფლიო ძიუდოს განცვიფრება და გაოგნება შეძლო, რითაც 2021 წელს პირველად ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
ძიუდოს გულშემატკივრები მას აფასებენ, როგორც ხატს, მისი უნიკალური სტილისა და შესაძლებლობების ურყევი რწმენისთვის, სპორტისა და ქვეყნისადმი სიყვარულისთვისა და თავდაუზოგავი შრომისთვის - რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთხელ დაუფასდა და 24 წლის ასაკში, მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს ძიუდოში ბექაურის ხანა დგას..." - ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში.
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაურის გამოსვლა შეაფასა გიორგი ათაბეგაშვილმაც.
"შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა ბექაური ქართული ძიუდოს ნათელი მარგალიტია.
ალბათ ოლიმპიადამდე ბევრი კითხვის ნიშანი იყო, შეძლებს თუ არა ქართველი მეომარი ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატების მეორედ გამეორებას? - 24 წლის ასაკში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა, ქართველებისთვის მართლაც ეროვნული და გმირული ამოცანაა. 31 ივლისს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ -90 კგ წონით კატეგორიას მეფე ჰყავს და მისი სახელი და გვარი ლაშა ბექაურია.
ლაშა ბექაური ქართული სპორტისა და მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა, ამ ასაკში მან ზედიზედ ორჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოპოვება" - გიორგი ათაბეგაშვილი
"ბექაურისა და სანშირო მურაოს ფინალი, რა თქმა უნდა, საოცნებო ბრძოლა იყო, რომელმაც პარიზის 33-ე ოლიმპიური თამაშები დაამშვენა. ქართველი ჯადოქარი მთელი დღის განმავლობაში წარმოუდგენლად მოტივირებული იყო და ვერავინ ახერხებდა მის გატეხვას, ყველაზე სახიფათო შთაბეჭდილებას ტოვებდა და მზად იყო ისტორიაში შესულიყო.
აუცილებლად უნდა დაგეთანხმოთ და მეც აღვნიშნო, რომ დღეს ძიუდოში ბექაურის ოქროს ხანა დგას. ამ დიდ წარმატებაში, ლაშას ყველაზე მეტად მისი ჯიუტი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და მებრძოლი სული დაეხმარა.
ლაშა ბექაურის ზღაპრულმა გამარჯვებამ ახალი ოქროს თავი შესძინა ქართული ძიუდოს დიდებულ ისტორიას. მისმა სიხარულმა და წარუშლელმა ემოციებმა ბევრი ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვი გაახარა..."
- გიორგი ათაბეგაშვილი
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა და თანაც, ეს ყველაფერი მან მხოლოდ 24 წლის ასაკში მოახერხა.