საქართველოს ნაკრებმა საოლიმპიადო ტურნირისთვის მომზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირამდე მოსამზადებელ ეტაპს დღეს დაიწყებს. გუნდი 1-დან 9 ივნისის ჩათვლით წინასაშეკრებო ვარჯიშებს თბილისში გამართავს. 10 ივნისს გუნდი იტალიაში გაემგზავრება და მოსამზადებელი შეკრება 20 ივნისამდე, ქალაქ ტრევიზოში შედგება. 21 ივნისს ნაკრები ტრენტოში ჩავა, სადაც 2 დღეში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშებს.
24 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით ქართველები ლატვიაში, იურმალაში იქნებიან, სადაც ორი ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ. პირველი კამერუნის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეგვიპტის ნაკრებთან არის ჩანიშნული.
ნაკრები 29 ივნისს უკვე ლატვიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი უნდა ჩატარდეს. პირველი ოფიციალური შეხვედრა ლატვიის წინააღმდეგ 2 ივლისს გვექნება, ჯგუფის მეორე თამაში კი 4 ივლისს ფილიპინების ნაკრებთან მოგვიწევს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფილიპინებთან და ლატვიასთან ერთადაა, საიდანაც ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე ბრაზილია-კამერუნი-მონტენეგროს შორის ორ საუკეთესოს შეხვდება, აღნიშნული ოთხეულიდან კი ოლიმპიადაზე ერთი გუნდი იასპარეზებს.