Belive

საქართველო - ლატვია (მატჩის პრევიუ)

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
9 სექტემბერს, ერთა ლიგის ეგიდით, საქართველოს ნაკრები ლატვიას უმასპინძლებს. ყაზახეთთან გასვლაზე გამარჯვების შემდეგ (0:2) გუნდს ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს მოპოვებული და ლატვიასთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის მთავარი ფავორიტი გახდება. ლატვიასთან გასამართი მატჩის დიდ მნიშვნელობაზე ყურადღება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გაამახვილა: „ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ამით პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ”, - აღნიშნა ვაისმა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, ლატვიასთან მატჩში იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობის განსაზღვრას საბოლოოდ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლატვიის ნაკრები საქართველოსთან რევანშისთვის ემზადება: ბალტიისპირელებმა ჩვენს გუნდთან გასულ წელს მატჩი ანგარიშით 5:0 დათმეს - დუბლის შესრულება ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ შეძლეს, ხოლო მატჩის მიწურულს კი ერთი გოლის გატანა ახალგაზრდა გიორგი არაბიძემ შეძლო. ლატვიასთან საქართველოს ნაკრები მე-7 თამაშს გამართავს - აქამდე ლატვიელებმა ჩვენი დამარცხება 3-ჯერ შეძლეს, ხოლო ორ შემთხვევაში კი 90 წუთში გამარჯვებული არ გამოვლინებულა. სავარაუდოდ, ვაისის ტაქტიკაში მნიშნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება - კარის ბადის მშრალად შენახვას კვლავ შეეცდება გიორგი ლორია, ხოლო დაცვაში კი, შეიძლება ითქვას, ვაისმა ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი: ფლანგებს კაკაბაძე და ნავალოვსკი, ხოლო ცენტრს კი კვერკველია და კაშია გაამაგრებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ უკანაკსნელს ვაისი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საინტერესოა, ანდობს თუ არა ძირითადში ადგილს გიორგი მერებაშვილს მთავარი მწვრთნელი და ჩაანაცვლებს თუ არა მას „ლუცერნის“ ნახევარმცველით, ვაკო გვილიათი. დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში კვლავ ვიხილავთ კვეკვესკირი-კანკავას დუეტს, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება შემტევ ტრიოს - ფაქტია, რომ გასულ მატჩში ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტმა გაამართლა: ახალგაზრდა ფეხბურთელები უაღრესად სახიფათოები იყვნენ კონტრშეტევებზე და რეალურად, ყაზახეთის კარში ორივე გოლი სწორედ მათი თანამონაწილეობით გავიდა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას კი სავარაუდოდ კვლავ გიორგი ქვილითაია დაიკავებს - „გენტის“ თავდამსმელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გასულ თამაშში ქვილითაიამ ლატვიელებს დუბლი შეუსრულა. მატჩი თბილისის დროით 20:00-ზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სხვა სტატიები