საპასუხო მატჩის წინ: ქუთაისის ტორპედომ გვინეელი თავდამსხმელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედომ" უეფას ევროპის კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩის წინ (ალბანურ "ტირანასთან" სტუმრად, საშინაო შეხვედრა - 1:1), მორიგი ტრანსფერი დაადასტურა.
ქართულმა გუნდმა 26 წლის გვინეელი თავდამსხმელი, მომო იანსანე დაიმატა. აფრიკელი ფეხბურთელი ხორვატიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, "რიეკას" წევრი გახლდათ, კარიერის განმავლობაში კი ბელორუსულ "ისლოჩში", რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდში" და მოლდოვურ "შერიფში" უთამაშია, რომელთან ერთადაც უეფას ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე მიიღო მონაწილეობა.
"ტორპედომ" ახალწვეულთან, რომელსაც მოლდოვის ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა.
ქუთაისის "ტორპედოსა" და "ტირანას" საპასუხო შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქში 18 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.