Belive

საოცნებო კარი გაიღო, ახლა მეტოქეების კარიც უნდა გაიხსნას: გულიაშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია!

2 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავს: გიორგი გულიაშვილი. ახალგაზრდა, 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფართო მასებს საქართველოსა და რუმინეთში, 2023 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატიდან უნდა ახსოვდეთ, ხოლო ეროვნული ლიგის მაყურებელს "იბერია 1999-ს" აკადემიიდან, შემდეგ კი ჩემპიონატში გატანილი ეფექტური გოლებიდან.

იმ ისტორიულ ევროზე, რამაზ სვანაძის გუნდში გიორგი გულიაშვილმა ნიდერლანდებთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გამათანაბრებელი გოლი შეაგდო, მთლიანობაში კი ასაკობრივ დონეზე ნაკრებებში 25 გოლი გაიტანა.

მესამე სეზონი იწყება, რაც გიორგი გულიაშვილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატში თამაშობს. ის ჯერ ბოსნიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, დედაქალაქურმა "სარაევომ" დაიმატა და იჯარით "ველეჟ მოსტარში" გაუშვა. იქ გულიაშვილი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, ახალ სეზონში კი დედაქალაქურ გუნდში დაბრუნდა და ჩემპიონობის გზაზე მიუძღვება. 8 ტურში გატანილი 8 გოლით გიორგი გულიაშვილი თავისი გუნდის საუკეთესო მეგოლეა, ხოლო "სარაევო" წაუგებელი და 18 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატში მთელ წინა სეზონში გატანილი გოლების ჯამურ რაოდენობას, საწყის 8 ტურში გაუთანაბრდა, პარალელურად კი კონფერენს ლიგაზე "აქტობეს" კარის აღებაც შეძლო.

ცენტრალურმა თავდამსხმელმა ნაკრებში მოხვედრის შემდეგ ემოციები ოფიციალურ გვერდს გაუზიარა: "უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება".

რამდენიმე კვირის წინ, ჩვენთან ინტერვიუს დროს გულიაშვილმა აღნიშნა, რომ ისტორიული სანაკრებო 2024 წელი მისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი და სამოტივაციო გამოდგა: "2024 წელი დარწმუნებული ვარ დიდი ასოებით ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე გერმანიაში ჩასვლა და ჩვენი ბიჭებისთვის ტრიბუნიდან გულშემატკივრობა.

მინდა მათ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ემოციისთვის რაც ყველამ ერთად გავიზიარეთ და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც უკვე ვთქვი, ეს დასაწყისია და მჯერა იმის, რომ სისტემატურად ვიქნებით დიდი ტურნირების მონაწილეები. რა თქმა უნდა, ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა ჩემი ქვეყნის ნაკრების ასეთი წარმატებული თამაში. ჩემთვის, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ოცნებაა ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა".

ოცნებისაკენ კარი გახსნილია, იმედი გვაქვს, მეტოქის კარიც არაერთხელ გაიხსნება და ჩვენს გულებსაც გაახარებს, გიორგი გულიაშვილი...

სხვა სტატიები