Belive

სამწლიანი უწყვეტი აღიარება | ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატში დომინირებას აგრძელებს.

30 წლის ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მესამე წელს ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

აქამდე, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ზედიზედ სამჯერ ავსტრიის ჩემპიონატში მხოლოდ გრაცის შტურმის ლეგენდას, ივიცა ვასტიკს აქვს მოპოვებული.

ოთარ კიტეიშვილს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, ის მიჯრით მესამე წელია გრაცის შტურმის საუკეთესო მეგოლეა, წელს კი საერთოდ ავსტრიის ჩემპიონატში 14 გოლით და 4 საგოლე პასით ბომბარდირია. ყველა ტურნირზე ოთარ კიტეიშვილს შტურმის შემადგენლობაში 18 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

ოთარ კიტეიშვილი შტურმში 2018 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში, 266 მატჩში 71 გოლი და 43 საგოლე პასი მოაგროვა. მან ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი და მიჯრით ორჯერ თასი მოიგო. ასევე, კიტეიშვილის ლიდერობით შტურმი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გუნდი ავსტრიის ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს და ტურნირის ფინიშამდე 2 ტურით ადრე ლიდერ ლასკ ლინცს 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები