Belive

სამი დიდი ტურნირის შედეგები - ქართული ძიუდოს მორიგი ისტორიული წელი!

4 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზეც დაასრულეს. იდეალური დროა იმისთვის, რომ წლის 3 უმნიშვნელოვანეს ფორუმზე, მთავარი მწვრთნელის მიერ გაწეული შრომა შევაფასოთ.

  • ·პირველად ისტორიაში - საქართველომ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

  • ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ქართული ძიუდოს ისტორიაში.

  • პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, თანაც მიჯრით.

  • ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა 2-ჯერ შეძლო.

  • ისტორიაში პირველად - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე წლის 3 უდიდეს ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების ფონზე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ძიუდო თვისობრივად ახალ საფეხურზეა - თამასა მნიშვნელოვნადაა აწეული და ძიუდოს მსოფლიოს უმაღლეს იერარქიაში საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს. ამ ისტორიულ შედეგს თავისი გმირები ჰყავს... ძიუდოისტები, რომლებიც ტატამზე თავს არ ზოგავენ, მთავარი მწვრთნელი, რომლის სამუშაოც პრაქტიკულად უხილავია, მაგრამ ამ უდიდეს წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის და რა თქმა უნდა, მენეჯმენტი, რომელიც ნაკრების მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული.

თუმცა, ძიუდოში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, მთავარ მწვრთნელს თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია და მას მუდმივად უწევს კრიტიკისა და წნეხის დაძლევა. მოცემულობა მარტივია - წარუმატებლობა მთავარი მწვრთნელის კისერზეა, წარმატება კი ხშირად სპორტსმენების ინდივიდუალურ მიღწევად ფასდება და მწვრთნელის მიერ გაწეული შრომა ჩრდილში ექცევა.

მაგრამ, არის უდიდესი მაგრამ, რომელსაც თვალს არ ვუსწორებთ - ძიუდოში, სპორტის ზოგიერთი სხვა სახეობისგან განსხვავებით, მთავარი მწვრთნელის როლი განუსაზღვრელია -  ამ შემთხვევაში, ლაშა გუჯეჯიანს უწევს, როგორც ინდივიდუალურად სპორტსმენის მომზადება, ასევე გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. თუ ვთანხმდებით, რომ სპორტსმენის ფიზიკურ და მენტალურ მზაობაში, მწვრთნელის პროფესიონალიზმსა და მიდგომებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ არ მოგვერიდოს და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ის ღირსეული პატივი მივაგოთ, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

სურათის ფართო ჭრილში დასანახად, შორს წასვლა და 2020 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგის განხილვა გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ 2024 წელს შევეხოთ, სადაც დაუფასებელი და გულშემატკივრისთვის უხილავი შრომა სტატისტიკურადაა გამყარებული.

დეტალურად გავყვეთ 2024 წლის სამ მთავარ შეჯიბრს და ვნახოთ რამდენი მედალი მოიპოვა ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2024 წლის უდიდეს შეჯიბრებზე (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები) 14 მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

 

ევროპის ჩემპიონატი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიამ, კერძოდ კი დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა, ეს ყველაფერი კი გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული ვერცხლის მედლით დაგვირგვინდა.

  • ოქროს მედალი - ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი

  • ვერცხლის მედალი - ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი

  • ბრინჯაოს მედალი - ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი.

  • აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული 7 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

  • ევროპის ჩემპიონატი კი შერეული გუნდური ასპარეზობითა და მოპოვებული ვერცხლის მედლით დავხურეთ, სადაც ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან 2:4 დავმარცხდით.

მსოფლიო ჩემპიონატი

2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უმასპინძლა, რომელიც ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა ისეთი ფაქტი, როდესაც 2 ქართველი ძიუდოისტი გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

გარდა ამისა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური მეორე ადგილით დაასრულა და საქართველოზე წინ მხოლოდ იაპონიის ნაკრები გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს.

  • ოქროს მედალი - გიორგი სარდალაშვილი (ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიო ჩემპიონი - 20 წლის), ტატო გრიგალაშვილი

  • ვერცხლის მედალი - გურამ თუშიშვილი

  • ბრინჯაოს მედალი - ვაჟა მარგველაშვილი.

  • გარდა ინდივიდუალური ასპარეზობისა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშები

ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა და ეს ოლიმპიური თამაშებიც ისტორიული გამოდგა.

  • ქართული ძიუდოს ისტორიაში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ლაშა ბექაურია, რომელმაც 2 ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება 24 წლის ასაკში შეძლო.

  • ისტორიაში პირველად - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამივე მედალოსანი "გამოწვევა 2020"-ის წარმომადგენელია.

  • ოქროს მედალი - ლაშა ბექაური

  • ვერცხლის მედალი - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე.

გამოწვევა 2020 - "გამოწვევა 2020"-ის მონაწილეთა აბსოლუტური უმეტესობა უკვე გადავიდა ეროვნულ ნაკრებში - ნაწილი სულაც ლიდერი და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ეს პროექტი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური წამოწყებაა, რომელიც უკვე ჩანაცვლდა "გამოწვევა 2024"-ით და მისი ერთ-ერთი მთავარი სახე და ლიდერი - გიორგი სარდალაშვილია, რომელიც 20 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი დებიუტი ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეორე ოლიმპიურ თამაშებზე გაიყვანა, სადაც მას დიდებული შედეგი აქვს დაფიქსირებული - 2 ოლიმპიური თამაშები, 7 მოპოვებული მედალი.

  • ოქრო - ლაშა ბექაური (2020, 2024)

  • ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (2021 წელი), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (2024 წელი)

"გამოწვევა 2020"-ის მიერ მიღებული შედეგითა და "გამოწვევა 2024"-ის მიღწევებით, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ქართული ძიუდო საიმედო ხელშია.

სხვა სტატიები