Belive

საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ინტერესებში - მიქაუტაძის ტრანსფერი ისევ აქტუალურია

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით, მიმდინარე ზაფხულის ფანჯრის დროს, უკვე მეორე ტალღა დაიწყო.

ამჯერად, დაინტერესებულ მხარეთა შორის, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული "შეფილდ იუნაიტედი", მისი მშობლიური კლუბი ,,ლიონი'' და ახლა უკვე ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ,,მარსელი'' სახელდება.

ფრანგული le10sport.com ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატება საფრანგეთის 9-გზის ჩემპიონს, 10-გზის თასისა და ორჯერ სუპერთასის გამარჯვებულ და იმ ერთადერთ ფრანგულ კლუბს სურს, რომელსაც უეფას ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

"იმის ფონზე, რომ "შეფილდ იუნაიტედმა" გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ "მეცს" 18 მილიონი ევროს შეთავაზება გაუგზავნა, მის სატრანსფერო სიტუაციას ლიგა 1-ის კიდევ ერთი კლუბი, მარსელი იკვლევს. ეს მარსელის "ოლიმპიკია".

კლუბის პრეზიდენტი, პაბლო ლონგორია ძალიან აფასებს ქართველი ფეხბურთელის პროფილს, რომელიც 2022/23 წლების სეზონში არაერთხელ გამობრწყინდა. "მარსელის" პრეზიდენტმა თავისი განზრახვა ფეხბურთელის წარმომადგენლებს გააცნო. მაგრამ სანამ შეტევაზე წავა, კლუბმა უნდა დაასრულოს ძირითადი გაყიდვები. განსაკუთრებით, მატეო გენდუზის და სხვა ბიჭების შემთხვევაში, რომლებიც უკვე ემზადებიან გასამგზავრებლად. როგორც კი გაყიდვის ოპერაციები დასრულდება, კლუბი მზად იქნება, მიქაუტაძის ტრანსფერზე იფიქროს.

ამჟამად, ყველაზე ცხელი მოლაპარაკებები ილიმან ნდიაეს "შეფილდიდან" დამატებაზე მიმდინარეობს, თუმცა, თუკი შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ გიორგი მიქაუტაძე "მარსელისთვის" მთავარი ალტერნატივა გახდება", - ნათქვამია e10sport.com-ის სტატიაში.

საინტერესოა ისიც, რომ თუ "შეფილდი" ილიმან ნდიაეს გაუშვებს, მაშინ კლუბი გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსით თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას სწორედ მიქაუტაძის ტრანსფერით შეეცდება, შესაბამისად, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი ამ ორ კლუბს შორის გადაწყდეს.

გიორგი მიქაუტაძემ 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ”მეცის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები