რუსლან როტანი: "მაისურაძისთვის ბევრი სათამაშო დრო გვსურს, ამიტომ იჯარით გაშვებას ვაპირებთ"
უკრაინული გუნდის, ჟიტომირ პოლისიას მთავარი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი, რუსლან როტანი საქართველოს 21-წლამდელა ნაკრებისა და თავისი გუნდის მარჯვენა მცველის, გიორგი მაისურაძის იჯარით გაშვებას აპირებს.
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩის წინ, რომელშიც უკრაინული გუნდი უნგრულ პაკშს უნდა შეხვდეს, რუსლან როტანი პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკის შესახებაც საუბრობს.
"ახლა ჩვენ იმაზე ვართ ორიენტირებულნი, რომ მაისურაძემ, მატიჩმა, ვიალემ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა ამ ბიჭებისთვის გუნდების პოვნაა. ჩვენ მათ იმედიანად ვუყურებთ და არ ვთმობთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოთამაშეებს, რომლებიც საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების წარმომადგენლები არიან, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. თუ ისინი ჩვენს გუნდში იქნებიან, მათ მცირე სათამაშო დრო ექნებათ, არა იმდენი, რამდენიც ჩვენ გვსურს.
ეს ფეხბურთელებს კმაყოფილების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, გვსურს, რომ ამ ფეხბურთელებმა შემდეგი თვეების განმავლობაში სათამაშო დრო სხვა გუნდებში მიიღონ. სასურველი იქნება, რომ ისეთი გუნდები მოვიძიოთ, რომლებიც თამაშის დროს ბურთთან ერთად დიდ დროს ატარებენ", - ამბობს რუსლან როტანი.
გიორგი მაისურაძე დინამო თბილისის აკადემიიდან უკრაინულ გუნდში 2024 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, გიორგი მაისურაძე 2022 წლიდან თამაშობს და 19-ჯერ აქვს ნათამაშები და 3 საგოლე პასი გაკეთებული. სლოვაკეთში გამართულ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე საწყის ტურში რამაზ სვანაძის გუნდის პოლონეთთან გამარჯვების გოლის დროს საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.