Belive

რამაზ სვანაძე: "გუნდური სულისკვეთება და ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვჭირდება"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთთან შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას მართავს და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

"გუნდში დადებითი ემოციები ჭარბობს. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. დამატებით წუთებში მოგებულმა თამაშმა ენერგიები შეგვმატა. გუნდში ნორმალური სიტუაციაა. ტრავმების მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

მიუხედავად მცირე დისკომფორტისა, ნოდარ ლომინაძე სათამაშოდ მზად არის. ახალი სახეების გამოჩენა მატჩის შინაარსსა და მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.

გუნდის განწყობა დამატებით არ არის საჭირო. ყველამ კარგად იცის თუ ვის ვეთამაშებით და როგორ უნდა ვითამაშოთ.

ჩვენს მეტოქეს არც ჩემგან და არც არავისგან დამატებითი დახასიათება არ სჭირდება. ბიჭებთან ყოველთვის მქონდა საუბარი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ასეთ გუნდებთან თამაშია. ამ თაობას მსგავს მეტოქესთან ჯერ არ უთამაშია და განსხვავებით წინა გუნდისგან, ამ შემადგენლობას ყველაზე ძლიერ გუნდთან თამაში უწევს. ჩვენი გუნდური თამაში და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ნაკრების წევრის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ამ შეხვედრაში, მაქსიმალურ კონცენტრაციას ვგულისხმობ. ასეთი მეტოქე შეცდომებს არ გაპატიებს.

ყველა მეტოქესთან ერთი და იგივეს ვერ გავაკეთებთ. ყველა მატჩს საკუთარი შინაარსი აქვს. პოლონეთის ნაკრებთან თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მონაკვეთში, ჩვენთან შედარებით მეტოქე უფრო ფრთხილობდა. შემდეგ მეტოქესთან განსხვავებულად თამაში გვჭირდება და გადაწყობისთვის მზად ვიქნებით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ გუნდს ბურთი სჭირდება, თუ რამდენი პროცენტით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ეს გენი აქვს და ჩვენი თამაშის საჩვენებლად კონტროლი აუცილებელია.

ჩვენი ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი მატჩი არავისთვის იქნება და პოლონეთის ნაკრებიც მაქსიმუმს გააკეთებს. ჩვენ საკუთარი მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით და თუ რომელიმე ნაკრებიც თავისი თამაშით ხელს შეგვიწყობს, უარს ნამდვილად არ ვიტყვით.

საფრანგეთის ნაკრებს ძალიან დიდი რესურსი და არჩევანი აქვს. დუეს და შერკის არ ყოფნა რამდენად ხელს შეგვიწყობს ან პირიქით, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მეტოქეს დიდი რესურსი აქვს. ის თუ გუნდში შედარებით ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები არიან, არაფერს ნიშნავს, შესაძლოა, მათ მომავალში უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშონ" - ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთს (14 ივნისი, ჟილინა) და პორტუგალიას (17 ივნისი, ტრენჩინი) შეხვდება.

სხვა სტატიები