Belive

ყაზახეთის გრანდ სლემი: დღე II - ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

16-18 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა, ყაზახეთის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს, მამაკაცთა წონითი კატეგორიიდან ტატამზე 60 და 66 კგ წონები ვიხილეთ. საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ კი ლაშა ნადირაძე და გიორგი თუთაშვილი ასპარეზობდნენ, რომლებმაც სამწუხაროდ მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

მეორე საშეჯიბრო დღეს კი ტატამზე 73 და 81 კგ წონით კატეგორიებს ვიხილავთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე წონით კატეგორიაში ორ-ორი სპორტსმენით ვიასპარეზებთ.


73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაშ საქართველოს ნაკრების ღირსებად კოტე კაპანაძე და გიორგი ტერაშვილი დაიცავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ძალიან ახალგაზრდა ფალავანია და გამოწვევა 2028-ის წევრები არიან.

კოტე კაპანაძე B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ავღანელი - არიან მოდ რეშადი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი კაპანაძე 1/8-ფინალში გავა, სადაც მეტოქე ყაზახი - ჟანსაი სმაგულოვი ეყოლება.

რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, ტერაშვილიც D ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე მისი მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მებრძოლი - რუსლან ჰალავაჩოუ იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი ტერაშვილი, რუმინელ - ალექსანდრუ რაიკუსა და პოლონელ - კსავერი მორკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.


81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანმა ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზაურ დვალაშვილი A ბადეში განუთესავი იქნება, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და ყაზახ - ნისანალი აიბოლს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი შემდეგ ეტაპზე მას უძლიერესი ბრაზილიელი - გუილერმე შმიდტი დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დიმიტრი გოჩილაიძეს, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საშეჯიბრო ბადეში მას უფრო გაუმართლა.

გოჩილაიძეც განუთესავი იქნება და C ბადეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში, სადაც ბრიტანელ მეტოქეს - კუშაკ სკოტს დაუპირისპირდება. ბრიტანელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, 24 წლის ქართველი ყაზახ - ჟუბანაზარ აბილაიხანს შეხვდება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები