Belive

ათუკა ბახტაძე: ,,საქართველოს ნაკრებთან ერთად, განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი''

8 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ქართველი ცენტრი ათუკა ბახტაძე ჯერ სულ რაღაც 15 წლისაა და უკვე 204 სმ-ია მისი სიმაღლე.

2023 წელს, მან U16-სა და U18-ის ნაკრებების შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, აღსანიშნავია, რომ 18-წლამდელთა შორის ითამაშა B დივიზიონში, სადაც 11 ქულა, 3.3 მოხსნა და 0.5 ასისტი მიითვალა.

16-წლამდელთა შორის, სადაც საშუალოდ 18 ქულას, 10.3 მოხსნასა და 1 ასისტს აგროვებდა, შეძლო და მოხვდა ტურნირის სიმბოლურ გუნდში. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს B დივიზიონში მე-3 ადგილის მოპოვებასა და A დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა.

რუმინეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში 18 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

სწორედ ათუკა ბახტაძე გახლავთ ჩვენი რუბრიკის, ,,ახალი თაობის’’ რესპონდენტი.

ათუკა ბახტაძე რუმინელთა წინააღმდეგ

კალათბურთით 7 წლის ასაკში დავინტერესდი, პირველ რიგში ეს განაპირობა ჩემმა განსაკუთრებულმა ფიზიკურმა მონაცემებმა, საკმაოდ მაღალი ვიყავი თანატოლებთან შედარებით. კალათბურთით დაინტერესების წამიდან, მახსოვს რომ ჩემს კუმირად კევინ დურანტი იქცა.

საქართველოს  ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისას, განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და ვიცოდი, რომ ეს პასუხისმგებლობა უდიდესი გამოწვევაც იყო. ჩემი მიზანი, 16წლამდელთა ნაკრების ჩემპიონობა იყო. ვთვლი, რომ ამისთვის ბოლომდე დავიხარჯეთ. მართალია, მიზნის მიღწევა არ გამოგვივიდა, თუმცა შევძელით მე-3 ადგილზე გასვლა და ამით A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ.

ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოს ჰიმნი,  ნაკრების მაისურით შევასრულო. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, რომ შემიძლია საკუთარი ქვეყანა წარმოვაჩინო.

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დასახელებამ კი, დამატებითი მოტივაცია გამიჩინა იმისთვის, რომ მეტი მოთმინებითა და შემართებით ვაკეთო საყვარელი საქმე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოში მოთამაშეებისთვის საკმაოდ რთულია ევროპის კლუბებსა თუ NBA-ში მოხვედრა, მაგრამ ამასთანავე, მჯერა რომ ბევრი შრომით, მონდომებითა და მოთმინებით, ყველაფერი შესაძლებელია.

მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებაც მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა. როგორც იცით, წელს ჩვენი ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას. მგონია, რომ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გვაქვს. სწორედ ამიტომ, მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!

სხვა სტატიები