"ქართველი ხალხის ბედნიერი სახეების ხილვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა" - ვილი სანიოლი
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა France Football-თან ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიხსენა და იმ საინტერესო დეტალებს გაუსვა ხაზი, რაც მოედნის მიღმა ხდებოდა.
ვილი სანიოლის ინტერვიუ France Football-თან:
ქართველი გულშემატკივრების ბედნიერი სახეების ხილვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და ეს პირადი ჯილდო იყო. პორტუგალიასთან მოგება მათთვის ევროპის ჩემპიონატის მოგების ტოლფასი იყო, ფეხბურთელებმა ეს ბედნიერება გულშემატკივრებთან ერთად გაიზიარეს და მათ გართობის საშუალება მივეცი, მე კი გასახდელში დავბრუნდი.
30 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ეს აღნიშნულ ტურნირზე ჩვენთვის ბოლო გამარჯვება იყო, რადგან დავინახე მოთამაშეები, რომლებიც როგორც ემოციურად იყვნენ დაღლილი, ასევე ფიზიკურად. მათ ენერგია აღარ ჰქონდათ. შემდეგი მეტოქე ესპანეთი იყო, თუმცა უკმაყოფილო არაფრით არ ვიყავი. ჩვენ ამით მიზანს მივაღწიეთ. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ამ ამბების შემდეგ, საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია, რადგან ფულს არავინ მახდევინებს. აქ ასეა, თუ რამე კარგს გააკეთებ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ. ამ ევროპის ჩემპიონატამდე ქართველები სხვა უცხოურ ნაკრებებს გულშემატკივრობდნენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და საკუთარ თავს უთხრეს: "ჯანდაბა, ჩვენ გერმანიაში ჩვენი ქვეყნის საგულშემატკივროდ მივდივართ". ამ ტურნირმა ყველაფერი შეცვალა, ისინი უკვე მსოფლიო ჩემპიონობაზე ფიქრობენ, აქ არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს, მაგრამ ეს შესანიშნავია. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

პორტუგალიასთან გასამართ მატჩამდე გადავწყვიტე ჩვენი ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას დავლაპარაკებოდი. აშკარად შეწუხებული იყო, მოვიდა და მითხრა: "მწვრთნელო, თუ გინდა, რომ სათადარიგო სკამზე დამსვა, გავიგებ, ვიცი, რომ კარგ ფორმაში არ ვარ". "რატომ, შენ ხომ ნაპოლიში მთელი სეზონი კარგ ფორმაში იყავი?" მან ამაზე მიპასუხა: "მაშინ თავს თავისუფლად ვგრძნობდი, ახლა კი მხრებზე ტვირთი მაწევს." - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

კვარა საქართველოში იგივეა, რაც ზიდანი საფრანგეთში, ოღონდ ათასჯერ უფრო მეტად. ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს მეთაური. როგორც კი მასთან მუშაობა დავიწყე, რიბერის შევადარე, თამაშის მანერით, ფეთქებადობით, სპონტანურობისა და ინსტიქტის მანერით. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ არცერთი ფრანგული კლუბი არ იყო მისით დაინტერესებული, სანამ ნაპოლიში გადავიდოდა, ერთადერთი იყო ნიცა რომელიც ფეხბურთელით ინტერესდებოდა, მაგრამ როგორც შემდეგში გამოჩნდა არასაკმარისად იმოქმედეს. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
