"პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა" - გიორგი მამარდაშვილი Transfermarkt-ის რჩეულებს შორისაა
Transfermarkt-ის ესპანური ვერსია, მსოფლიო ფეხბურთში იჯარით მოთამაშე 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილია.
24 წლის ქართველი გოლკიპერი საუკეთესო ათეულში მესამე პოზიციას "ბრაიტონიდან" "ვესტ ჰემში" იჯარით მოთამაშე, ირლანდიელ ევან ფერგიუსონთან ერთად ინაწილებს.

ქართველი მეკარე, რომელიც "ლივერპულმა" 2024 წლის ზაფხულში, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, ამჟამად 40 მილიონ ევროდ ფასდება.
"მიუხედავად იმისა, რომ "მესტალიას" ბინადარ გუნდს საუკეთესო სეზონი არ უდგას, გიორგი მამარდაშვილი პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა", - წერს Transfermarkt.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ლა ლიგის ამ სეზონში 19 მატჩში აქვს ნათამაშები და აქედან ხუთჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.