პირველი ქართველი ძიუდოისტი 2 ოლიმპიური ჩემპიონობით - ბექაურმა დიდი ისტორია დაწერა!
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს, 31 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 90 კგ, ხოლო ქალებიდან 70 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ტურნირი ტრიუმფით დაასრულა - 24 წლის ბექაური 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაური ქართული სპორტისა და ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. კერძოდ - ბექაური საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება.
პირველად ეს ყველაფერი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა, რომელიც კოვიდპანდემიის გამო, 2021 წელს ჩატარდა.
მაშინ, 20 წლის ლაშა ბექაურმა, ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება, გერმანელი ძიუდოისტის - ედუარდ ტრიპელის წინააღმდეგ შეძლო.
ხოლო რაც შეეხება 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, ლაშა ბექაურის გზა მეორე ოლიმპიურ ოქრომდე, შემდეგი იყო:
1/8-ფინალი | ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
1/4-ფინალი | იუიეოპ ჰანი (სამხრეთ კორეა)
1/2-ფინალი | ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი)
ფინალი | სანშირო მურაო (იაპონია)
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში, სულ ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო ოლიმპიური ოქროს მოპოვება, საიდანაც ლაშა ბექაური ერთადერთია, რომელმაც ამის გაკეთება 2-ჯერ მოახერხა.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (ძიუდო)
შოთა ჩოჩიშვილი - 1972 წლის ოლიმპიური თამაშები, მიუნხენი.
შოთა ხაბარელი - 1980 წლის ოლიმპიური თამაშები, მოსკოვი.
დავით ხახალეიშვილი - 1992 წლის ოლიმპიური თამაშები, ბარსელონა.
ზურაბ ზვიადაური - 2004 წლის ოლიმპიური თამაშები, ათენი.
ირაკლი ცირეკიძე - 2008 წლის ოლიმპიური თამაშები, პეკინი.
ლაშა ბექაური - 2020 წლის ოლიმპიური თამაშები; 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები.