Belive

პარიზის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2-4 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს - პარიზის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს.

2 თებერვალს, ანუ პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მამაკაცებიდან 60 და 66 კგ წონით კატეგორიებს ვიხილავთ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას: გიორგი სარდალაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ.

გიორგი სარდალაშვილი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ვიეტნამელ - ჩუ დაკ დუკსა და ლიბანელ - დაკრუზ ფელიპეს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძალიან რთულ ბადეშია მოხვედრილი, სადაც: თურქი - საჰილ ილდიზი, წარმოშობით ქართველი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე - ლუკა მხეიძე, უკრაინელი - არტემ ლესიუკი და ტაიპეელი - ლინ ჩონგ-იუ იქნებიან.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ჩხვიმიანი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მექსიკელ - იუარეზ არატს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ლუხუმის მეტოქე, კუბელი - ჩარონ ჯონათანი იქნება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაშიც 2 ფალავანი გვეყოლება: ლაშა ნადირაძე და თენგო ზირაქაშვილი.

არცერთი ქართველი განთესილი არ არის, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებენ.

ლაშა ნადირაძე A ბადეში, პირველივე ეტაპზე, უძლიერეს სამხრეთ კორეელ - ბაულ ანს დაუპირისპირდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ნიგერიელ - ისმაელ ალჰასანსა და თურქმენ - კეჰიმ აგამამედოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება თენგო ზირაქაშვილს, ახალგაზრდა ქართველი D ბადეში მიიღბს მონაწილეობას და პირველ ეტაპზე კუბელ - პოლანკო ორლანდოს დაუპირისპირდება. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ესპანელ - დავიდ გარსია ტორნესა და კონგოელ - მამისა პატი კასონგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:45, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები