ოთარ კიტეიშვილი: „მატჩამდე ვაისს ვესაუბრე, ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა"
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ბრატისლავის „სლოვანთან“ გასამართი უეფას ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„მატჩს რა თქმა უნდა, კარგი უპირატესობით ვიწყებთ, თუმცა წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს დარჩენილი და ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება გვჭირდება. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, ჩვენ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ხშირად ხდება, რომ პირველ მატჩში ერთი გუნდის კარგი ანგარიში მეორე შეხვედრაში მეტოქეს შემოუბრუნებია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ.
მატჩის შემდეგ არა, თუმცა მატჩამდე ვლადიმირ ვაისთან ვისაუბრე. ჩემთვის ვლადიმირ ვაისთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრების შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მგონია, რომ ისიც გახარებული იყო, როცა მნახა. იმედი მაქვს, ხვალ კარგ განწყობაზე ვიქნებით და მეტს ვისაუბრებთ“, - თქვა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა გრაცში გაიმართა და „შტურმის“ გამარჯვებით - 4:1 - დასრულდა. იმ მატჩში პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა. გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას გუნდი, რომელსაც ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, საპასუხო შეხვედრას ბრატისლავაში, 23 თებერვალს უმასპინძლებს. „ტეჰელენე პოლე არენაზე“ მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.