"ოქროს ხანის სიმბოლურ გუნდში" - ლაშა დვალს ფერენცვაროშის ისტორიაში შესვლა შეუძლია
m4sport, რომელიც უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია საშუალებაა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო გუნდის, "ფერენცვაროშის" საუკეთესო თერთმეტეულის გამოვლენას აპირებს.
კონკრეტულად, საუბარია გასულ დეკადაზე, რომელიც ბუდაპეშტელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა და აღნიშნული მედია საშუალება მას "ოქროს ხანას" უწოდებს. "ფერეცვაროში" სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ (რაც გუნდის პირადი რეკორდი გახლავთ) და ისტორიაში 35-ედ გახდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, დედაქალაქური გუნდი თასის 25-ედ მოგებასთანაც ახლოს არის და საამისოდ, ფინალში ჩემპიონატის მეორეადგილოსან "პაკშთან" გამარჯვება სჭირდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, უნგრულ გრანდში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა და გიორგი ხარაიშვილმა ითამაშა. m4sport სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატად 29 ფეხბურთელს და ოთხ მწვრთნელს ასახელებს, რომელთა შორისაც არჩევანი გულშემატკივარმა თავად უნდა გააკეთოს.
ცენტრალური მცველის პოზიციაზე ოთხ კანდიდატს შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა დვალია, რომლისთვისაც ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.
"ლაშა დვალმა "ფერენცვაროშში" სამწელიწადნახევრის განმავლობაში ოთხჯერ მოგებულ ჩემპიონატთან და ერთ თასთან ერთად, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა და საერთო ჯამში, ამ გუნდის მაისურით 17 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა", - წერს m4sport.
ლაშა დვალი, 2022/23 წლების სეზონიდან კვიპროსულ "აპოელში" თამაშობს და ამჟამად, მას და გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონობის შანსი აქვთ. საამისოდ, ჩემპიონატის დასკვნით ტურში, "აეკ ლარნაკასთან" მათ საშინაო კედლებში, სულ მცირე ფრედ უნდა ითამაშონ.