Belive

ნოდარ ლომინაძე: "აქამდე ხასიათმა და ერთიანობამ მოგვიყვანა და ახლაც იგივე გვჭირდება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ ხორვატიასთან ორმატჩიანი პლეი-ოფი გველოდება, რომელიც ევროსაგზურის მფლობელ გუნდს გაარკვევს. ხორვატიასთან მატჩებამდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ნოდარ ლომინაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ამ შეხვედრებში ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ხაზი გაუსვა.

2024 წლის სეზონი შენთვის კარგად დაიწყო. "დინამო თბილისში" დაბრუნდი და სეზონის ნახევარი იქ გაატარე, ამის შემდეგ გორის "დილაში" გადასვლა გადაწყვიტე, ალბათ სხვა შემოთავაზებებიც არსებობდა, მაგრამ არჩევანი გორულ გუნდზე შეაჩერე, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

დიახ, სეზონი ნამდვილად კარგად დავიწყე. შემდეგ მოხდა ის, რაც არასდროს მინდოდა, რომ მომხდარიყო: ადამიანი რომელიც მისაბაძი იყო ჩემთვის, გვერდით აღარ მყავდა... დიდი ტრავმა იყო და არის ჩემთვის. მამას გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე კარგი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, რაზეც თავად განვაცხადე უარი, იმის განხილვაც არ მინდოდა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა, რადგან დედას სჭირდებოდა გვერდით დგომა. ამიტომ, საქართველოში დავრჩი. მოგვიანებით, მწვრთნელი შეიცვალა, რომელმაც განმიცხადა, რომ თავის გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა, ამიტომაც, არჩევანი გორის "დილაში" გადასვლაზე შევაჩერე.

როცა გორის "დილაში" მოხვედი, გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი ედგა, წაუგებელი სერია და ჩემპიონატში ლიდერობა, შენც გუნდს კარგად მოერგე და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდი. განსაკუთრებულად გამორჩეული, ქუთაისში, "ტორპედოსთან" 5:1 გამარჯვება გამოვიდა, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე თამაშში გუნდმა ქულები დაკარგა და მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა, რა არის შენი აზრით ამის მიზეზი?

ეს ის საკითხია, რომელზე საუბარიც ყველა ფეხბურთელს გვიჭირს. უამრავი შანსი გავუშვით: ჩავატარეთ მატჩები, რომელშიც ყველაზე დიდი პრობლემა მომენტების რეალიზება გახლდათ. ამიტომაც ვართ ახლა მესამე ადგილზე.

უშუალოდ შენთვის, ინდივიდუალურად, როგორი სეზონია? შენი შეფასებით, ამ სეზონში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა რამდენად წარმატებულად მოახერხე და არის კონკრეტული მიზანი, რომლის შესრულებაც სეზონის ფინიშამდე გსურს?

საკუთარ თავში, როგორც ფეხბურთელმა, ახალი სათამაშო სტილი დავინახე. ძირითადად ჩრდილში ყოფნა და მძიმე სამუშაოს შესრულებაა ის, რისი გაკეთებაც გოლების გატანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ, თუ გამოვა, რატომაც არა.

რაც შეეხება შედეგს, ვიბრძოლებ რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გავხდე და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშო.

ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა და გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. შენ წინა ევროპის ჩემპიონატზეც გუნდთან ერთად ითამაშე და ახლაც გუნდის ლიდერი ხარ. როგორ ფიქრობ, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც გუნდმა ამ წარმატების მიღწევა და გამეორება მოახერხა? რამდენად დაგეხმარათ შენ და რამდენიმე ფეხბურთელს ის გამოცდილება, რომელიც წინა ევროპის ჩემპიონატზე დააგროვეთ?

ჩვენი ხასიათი და ერთად დგომა არის ყველანაირი წარმატების საწინდარი. რაც შეეხება წინა ევროპის ჩემპიონატს, ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება ძალიან ცოტა გვქონდა. ისეთ ნაკრებებთან თამაში, თანაც წარმატებით, როგორიც პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდებია, ყველა ფეხბურთელის ინდივიდუალურ ხარისხს ამაღლებს.

Image 6



ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩს ვაგებდით, მაგრამ მცირე დროში შემობრუნება შევძელით და პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ. ეს ფსიქოლოგიურად ალბათ პლეი-ოფში ძალიან დაგვეხმარება?

დიახ, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ზოგადად, ფეხბურთში ასეთ ეპიზოდებს უფრო მეტად შეუძლია გუნდის ფსიქოლოგიურად გაძლიერება და ერთ მუშტად შეკვრა.

გადამწყვეტი გოლის გატანა შენ მოახერხე. არის თუ არა შენს კარიერაში ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და რა ემოციაა ასეთი დატვირთული წლის შემდეგ, გადამწყვეტ მატჩში გოლის გატანა?

დიახ! ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია ჩემს კარიერაში. თავი სიზმარში მეგონა, როდესაც ბურთი კარის ბადეს შეეხო, უბედნიერესი ვიყავი იმ მომენტში.

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები წინ გველოდება, ჩვენი მეტოქე პლეი-ოფში ხორვატიის ნაკრებია, როგორ აფასებ მეტოქის ძალებს, რამდენად ძლიერი მეტოქეა? მეტოქე გუნდს მეორე მატჩში მასპინძლის უპირატესობა ექნება, მაგრამ იმედია ეს გადამწყვეტი არ იქნება. როგორ ემზადება ჩვენი გუნდი ამ მატჩისთვის? როგორი განწყობა გაქვთ ბიჭებს და რა მოლოდინია ამ ისტორიული მატჩების წინ?

ხორვატიას საკმაოდ კარგი და ძლიერი ნაკრები ჰყავს, რომელიც დახვეწილ ფეხბურთს თამაშობს. მჯერა რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებში იქნება გამოძახებული, ამ პერიოდში ფეხბურთის გარდა სხვა არაფერზე იფიქრებს. ყველანი მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლას.

სხვა სტატიები