ნიკა გაგნიძე უკრაინის ჩემპიონატში ითამაშებს
გორის "დილას" კაპიტანი, ნიკა გაგნიძე კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად "კოლოს კოვალივკას" გვერდმა დაადასტურა.
23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი უკვე უკრაინაში იმყოფება და გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ნიკა გაგნიძე საქართველოს ასაკობრივი, მათ შორის 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ და ახალგაზრდულ გუნდში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. პრაქტიკულად მთელი კარიერა მას გორის "დილაში" აქვს გატარებული, მხოლოდ 2022 წლის ივნისიდან დეკემბრამდე თურქული "უმრანიესპორის" შემადგენლობაში ითამაშა.
კარიერაში გორის "დილას" შემადგენლობაში ჩატარებულ 122 მატჩში ნიკა გაგნიძეს 20 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული, მიმდინარე სეზონში კი ეროვნულ ლიგაში 5 საგოლე პასით ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია.