"ნაკრებიდან თავდაჯერებული ბრუნდება და მზადაა" - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე საუბრობს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და წერს, რომ საერთაშორისო შესვენებიდან ის ლივერპულს თავდაჯერებული უბრუნდება.
"გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ბრუნდება, მას შემდეგ, რაც მარტის სანაკრებო შესვენების დროს საქართველოს ნაკრებში ორ მატჩში ითამაშა.
ალისონ ბეკერის კიდევ ერთი ტრავმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეკარე მოულოდნელად არნე სლოტის საკვანძო მოთამაშედ იქცა და „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, უეჭველად, შვებით ამოისუნთქავს, რადგან მამარდაშვილი გუნდში ტრავმის გარეშე ბრუნდება.
ლივერპულური კარიერის უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კვირისთვის სამზადისში მყოფმა მამარდაშვილმა ორჯერ 90-წუთიანი თამაში ჩაატარა, რაც, იმედია, მას კარგად გამოადგება.
მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშედ რჩება და გასაკვირი არ გახლდათ, რომ ის ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩში აქტიურად მონაწილეობდა. ისრაელთან შეხვედრაში იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან მეორე ტაიმში საქართველომ ორბურთიანი უპირატესობა დაკარგა, მამარდაშვილმა კი გოლი ოთხ წუთში ორჯერ გაუშვა.
თუმცა, კვირა საღამოს ლივერპულის მეკარემ უკეთ ითამაშა და ლიეტუვას 2:0 დამარცხებაში კარის მშრალად შენახვით წვლილი შეიტანა. იმედია, მას ეს ლივერპულში უმნიშვნელოვანეს მატჩებში მონაწილეობამდე თავდაჯერებას შემატებს.
ალისონმა შესაძლოა გარკვეული დროით ვერ ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლივერპული მამარდაშვილს დაეყრდნობა. საბედნიეროდ, ის მზადაა „წითლებისთვის“ თამაშისთვის", - წერს rousingthekop.
გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარი მშრალად შენახული. ალისონის ტრავმის პირობებში, სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში გუნდის კარის დაცვა ქართველ მეკარეს მოუწევს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს პირისპირ.