რამაზ სვანაძე: "დღეს ქართველი ბავშვების მისაბაძი მაგალითები კვარა, მამარდა და მიქაუტაძე არიან"
21 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე ბრიტანულ მედიასაშუალება football.london-თან ინტერვიუში ქართული ფეხბურთის წინსვლისა და ანდრია ბართიშვილის ლონდონის არსენალში ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
"ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებლობა იყო, აბსოლუტური წინაპირობა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. 2016 წლამდე საქართველოში ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
ეს, ცხადია, ხელს უშლიდა ახალგაზრდულ განვითარებას, კერძოდ იმის გამო, რომ ბავშვებს თავიანთი ნიჭის სრულად გამოსავლენად და განსავითარებლად აუცილებლად სჭირდებათ ადეკვატური ინფრასტრუქტურა, მოედნები, სავარჯიშო ბაზები და ა.შ. სწორედ ამას მოემსახურება ახალი ინფრასტრუქტურა.
ახალგაზრდული ფეხბურთის ზრდა, ქვეყანაში ფეხბურთის მოთამაშე ახალგაზრდების რაოდენობის მატება: ეს ყველაფერი ახლა რაოდენობრივად აისახება. გადახედეთ შედეგებს, სტრატეგიებს, იმ ციფრებს, რაც გვაქვს: ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც დღეს საქართველოში ფეხბურთს თამაშობენ, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობდით, ეს გახლდათ შეუფასებელი გამოცდილება როგორც მწვრთნელებისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში, კერძოდ, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, პირადად განეცადათ ის, რასაც ადრე მხოლოდ ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს, როდესაც სხვა გუნდების თამაშს უყურებდნენ.
საქმე არ ეხებოდა მხოლოდ თავად გუნდის თამაშს. ამ ტურნირმა საშუალება მისცა ქართული ფეხბურთის ახალ როულ მოდელებსა და ვარსკვლავებს, საერთაშორისო ასპარეზზე თავი დაემკვიდრებინათ და სახელი გაეთქვათ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია უკვე იმ გზაზე იდგა, რომ გამხდარიყო ისეთი მოთამაშე, როგორიც დღეს არის, მაგრამ ასევე სხვა ფეხბურთელებიც, როგორიცაა გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში, და გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში.
ევროპის ჩემპიონატმა ძალიან შეუწყო ხელი მათ კარიერას და აქცია ისინი მისაბაძ მაგალითად და ვარსკვლავებად, რომელთა მსგავსებაც დღეს ქართველ ბავშვებს სურთ. ასე რომ, მათ აღარ სურთ, რომ იყვნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები ან გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი მოთამაშეები, მათ ახლა შეუძლიათ სურდეთ, რომ იყვნენ ახალი კვარაცხელია ან ახალი მამარდაშვილი.
ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი იმისა, როდესაც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები აკეთებენ ამ უზარმაზარ ნახტომს და შემდეგ გარკვეულწილად იკარგებიან და ბოლომდე ვერ ახორციელებენ თავიანთ ამბიციებს. როდესაც არსენალის მსგავსი კლუბი გთავაზობს კონტრაქტს, უარის თქმა ძალიან რთულია.
ეს ფეხბურთელის ნიჭისა და ამბიციის საკითხია. ანდრი ბართიშვილს ორივე უხვად აქვს. ასე რომ, მან გადაწყვიტა, რომ ეს მისთვის სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
ახლა საჭიროა დაგეგმვა და ძალისხმევა, რათა მან ზრდასრულ ფეხბურთში გადასვლა შეძლოს მაშინ, როდესაც სრულწლოვანი გახდება. ეს ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მოიქცევა მოედანზე და მის მიღმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ახლა სათანადოდ აიღოს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრების წესი. და თუ ამას გააკეთებს, მაშინ მას წარმატებისთვის ყველა წინაპირობა ექნება", - რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში 7 ტურის შემდეგ დაგროვებული 9 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.